Total Foreign Debt Statistics Prepared for the First Time
11 July, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკი პირველად აქვეყნებს საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკას. ამ პერიოდამდე მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა არ იწარმოებოდა, რადგან მისი მოცულობა გარდა სახელმწიფო და სახელმწიფო გარანტიით აღებული სესხებისა (რომელსაც ფინანსთა სამინისტრო აწარმოებს) და საბანკო სექტორის საგარეო ვალდებულებებისა (რომელსაც ეროვნული ბანკი აწარმოებს) არ იყო მნიშვნელოვანი.
საქართველოს ეკონომიკისადმი ინტერსის ზრდის ფონზე, საქართველოს საგარეო ვალის სტატიტიკის წარმოება აქტუალური გახდა. 2006 წელს საქართველო შეუერთდა მონაცემთა გავრცელების ზოგად სისტემას და ამ სისტემის მოთხოვნის შესაბამისად აიღო ვალდებულება 2007 წლიდან კვარტალური პერიოდულობით აწარმოოს ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს ფუნქცია ბუნებრივად თავის თავზე აიღო ეროვნულმა ბანკმა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად.
მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადამხდელო ბალანსთან, აქაც გამოყოფილია ეკონომიკის ოთხი ძირითადი სექტორი: სამთავრობო სექტორი, ფულად-საკრედიტო ორგანოების სექტორი, საბანკო სექტორი და სხვა სექტორები. გარდა ამისა, ცალკეა მოცემული კომპანიათაშორისი სესხები. სხვა სექტორები იყოფა სამ ქვესექტორად, ესენია: არასაბანკო საფინანსო კორპორაციები, არასაფინანსო კორპორაციები, შინამეურნეობები და მათი მომსახურე არაკომერციული ორგანიზაციები. დღეისათვის ეს უკანასკნელი ქვესექტორი, რომლის დაკვირვების ქვეშ მოქცევა მეტად რთულია, არ არის მოცული. ნაწილობრივ არის მოცული არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციების ქვესექტორი. უახლოეს მომავალში მიღებული იქნება ზომები ამ ქვესექტორის სრულად მოცვისათვის.
მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციას ეროვნული ბანკი იღებს: ფინანსთა სამინისტროდან, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტიდან, და ინფორმაციის საკუთარი წყაროებიდან.
რაც შეეხება უშუალოდ საგარეო ვალს, 2007 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 3.562,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; აქედან 1.501,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგენდა სახელმწიფო სექტორის ვალს, 249 მილიონი აშშ დოლარი – ეროვნული ბანკის ვალს, 717,6 მილიონი აშშ დოლარი – საბანკო სექტორის ვალს, 277 მილიონი აშშ დოლარი – სხვა სექტორების ვალს და 817 მილიონი აშშ დოლარი – კომპანიათაშორისო ვალს. მთლიანი საგარეო ვალის 95 პროცენტი არის უცხოურ ვალუტაში.
პირველი კვარტალის განმავლობაში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 204 მილიონი აშშ დოლარით. აქედან, 166 მილიონი აშშ დოლარი მოდის საბანკო სექტორის გრძელვადიან ვალდებულებებზე.
საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს საგარეო ვალს“, ყოველკვარტალურად გამოაქვეყნებს სტატისტიკური პუბლიკაციების კალენდრის მიხედვით, რომელიც განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.nbg.gov.ge „სტატისტიკის“ რუბრიკაში. ამავე რუბრიკაში, საგარეო სექტორის ნაწილში არის გამოქვეყნებული „საქართველოს საგარეო ვალიც“.