საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესბანკის დიუსელდორფის ფილიალში. შეხვედრაზე განიხილეს გერმანიაში ნაღდი ფულის მიმოქცევისა და ამ ქვეყნის ბუნდესბანკის ფილიალების მოწყობის საკითხები.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მოინახულა დიუსელდორფისა და ფრანკფურტის საფონდო ბირჟები, რომელთა ხელმძღვანელობასთან განხილული იყო აღნიშნულ ბირჟებზე ქართული ბანკებისა და კომპანიების შესაძლო მონაწილეობის საკითხი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძე ასევე გამართა შეხვედრა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულებაში (KfW), სადაც საუბარი წარიმართა საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარების საკითხებსა და აღნიშნული ორგანიზაციის პროგრამებზე საქართველოში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება გერმანიაში ამ ქვეყნის ბუნდესბანკის პრეზიდენტის პროფესორ აქსელ ვებერის მიწვევით იმყოფება, ვიზიტის ფარგლებში რომან გოცირიძე უკვე შეხვდა თავის გერმანელ კოლეგას, რომლის დროსაც განხილული იყო ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები. მათ შორის, გერმანიის ბუნდესბანკის ცენტრალურ ბანკებთან ტექნიკური თანამშრომლობის ცენტრში საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალისტების მომზადება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე შეხვდა გერმანიის ბუნდესბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრს, პროფესორ ჰანს–ჰელმუტ კოტსს და ბუნდესბანკის ცენტრალურ ბანკებთან ტექნიკური თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს იურგენ შტერლეფერს. ბოლო ორი წლის მანძილზე გერმანიის ბუნდესბანკში უფასოდ აიმაღლა კვალიფიკაცია საქართველოს ეროვნული ბანკის 24 თანამშრომელმა, წლის ბოლომდე გერმანიის ბუნდესბანკში გაეგმზავრება საქართველოს ეროვნული ბანკის კიდევ 6 სპეციალისტი. გერმანიის ბუნდესბანკის საქართველოს ეროვნული ბანკთან თანამშრომლობის ასეთი ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც ქართველი სპეციალისტები გერმანიაში კვალიფიკაციას უფასოდ აიმაღლებენ.