National Bank and School of International Economy of Tbilisi State University Agree on Long-Term Cooperation

National Bank and School of International Economy of Tbilisi State University Agree on Long-Term Cooperation

06 July, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა შეთანხმდნენ გრძელვადიან თანამშრომლობაზე. შესაბამის შეთანხმებას ხელი 6 ივლისს საქართველოს ეროვნულ ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა ერიკ ლივნიმ მოაწერეს.   შეთანხმების თანახმად, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს საქართველოში თანამედროვე ეკონომიკური განათლების ხელშეწყობისა და ეკონომიკური ცოდნის ამაღლების მიმართულებით, კერძოდ, მოაწყობენ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონის  აკადემიურ და პროფესიულ შეხვედრებს, კონფერენციებსა და სემინარებს.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, „ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა სერიოზული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. მასთან თანამშრომლობა გულისხმობს ერთობლივი სემინარის მოწყობას, სტუდენტების საქმიანობის სრულ მხარდაჭერას, ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციების მოწყობას. მომავალში არ არის გამორიცხული აღნიშნულ სკოლის საუკეთესო და განსაკუთრებით ნიჭიერი სტუდენტები საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმდნენ“.   ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები საქართველოს ეროვნულ ბანკში თავიანთ სამაგისტრო თემებს მოამზადებენ. საქართველოს ეროვნულ ბანკში სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი იქნება კვლევისათვის აუცილებელი საინფორმაციო რესურსები და ლიტერატურა.   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორის ერიკ ლივნის განცხადებით, „ვიმედოვნებ საქართველოს ეროვნულ ბანკთან  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას ნაყოფიერი თანამშრომლობა ექნება, რაც გულისხმობს  კვალიფიციური სტუდენტების მომზადების საქმეში ხელშეწყობას  და ერთობლივი, ორივე მხარისთვის სასარგებლო ღონისძიებების დანერგვას. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად სკოლა თანამშრომლობს საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებთანაც. საქართველოში მოქმედ სკოლაში სწავლობენ სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქე სტუდენტებიც. სკოლის სასწავლო პროგრამა იდენტურია ჰარვარდის, პრისტონის და სხვა უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამებისა. ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში ლექციებს კითხულობს სახელგანთქმული პროფესორები, რომელნიც სტუდენტებს საუკეთესო განათლების მიღების საშუალებას აძლევენ“.   ეს თანამშრომლობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდება  მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკების აქტიურ კავშირებს მსგავსი ტიპის  ეკონომიკურ სკოლებთან.     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (თესს) დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს რეგიონული მნიშვნელობის უმაღლეს სასწავლებელს თანამედროვე ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამით. თესს-ი შეიქმნა საერთაშორისო დონორი თანამეგობრობის (მსოფლიო ბანკი, ფონდი „ღია საზოგადოება“), უცხოეთის სახელმწიფოების (შვედეთი, ნორვეგია), ადგილილობრივი და უცხოური კერძო კომპანიებისა („ბრითიშ პეტროლიუმი” და ორი ქართული კომერციული ბანკი) და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.   აღნიშნულ სკოლაში 2-წლიანი სამაგისტრო სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. მსგავის ტიპის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლები უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს  უნგრეთში, ჩეხეთში, რუსეთსა და უკრაინაში.