Express Money Transfers from abroad in 2008 grow by 20 percent Compared with the Last Year
04 February, 2008
გასული წლის განმავლობაში კვლავ გრძელდებოდა საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების ზრდის ტენდენცია. მათმა მოცულობამ 2008 წლის 1 იანვრისათვის 2.9 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც 54.0 პროცენტით მეტია 2007 წლის დასაწყისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პერიოდში ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების. კერძოდ, ბოლო ერთ წელიწადში ლარით განთავსებული დეპოზიტები 74.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები – 45.2 პროცენტით. რაც მეტწილად ეროვნული ვალუტისადმი ნდობის შემდგომი განმტკიცებით აიხსნება. აღნიშნული ტენდენცია ნათლად აისახა დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტის დინამიკაზე, რომელიც წლის დასაწყისიდან 4.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2008 წლის 1 იანვრისათვის 65.3 პროცენტი შეადგინა, ამ პროცესის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ისიც, რომ კომერციული ბანკები ბოლო ერთი წლის მანძილზე ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე უფრო მაღალ სარგებელს იხდიდნენ, ვიდრე უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე. ამ პერიოდის განმავლობაში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.5 პროცენტს შეადგენდა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.2 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.4 პროცენტს. გასული წლის დასაწყისთან შედარებით 3.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა მიმდინარე ანგარიშების ხვედრითი წილი მთლიან სადეპოზიტო ვალდებულებებში და 2008 წლის 1 იანვრისათვის 44.4 პროცენტი შეადგინა. შემცირება მოხდა ძირითადად სახელმწიფო საწარმოების მიმდინარე ანგარიშების შემცირების ხარჯზე. შესაბამისად, გაიზარდა ვადიანი დეპოზიტების ხვედრითი წილი 51.1 პროცენტიდან 54.4 პროცენტამდე, რაც ძირითადად კერძო სამეწარმეო სექტორის ვადიანი დეპოზიტების 6.8 პროცენტიდან 14.8 პროცენტამდე გაზრდამ გამოიწვია, იმავდროულად მოსახლეობის ვადიანი დეპოზიტები 41.9 პროცენტიდან 37.4 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამავე პერიოდში, ფიზიკური პირების ანაბრები აბსოლუტურ გამოსახულებაში 359.7 მილიონი ლარით (38.6 პროცენტით) გაიზარდა და 1.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მოსახლეობის ერთ სულზე დაახლოებით 295 ლარს შეადგენს (ნაცვლად 212 ლარისა). მოსახლეობის ეროვნული ვალუტისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ზრდის მიუხედავად, კვლავ მაღალი რჩება უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების ხვედრითი წილი მოსახლეობის ანაბრების სტრუქტურაში და 2008 წლის 1 იანვრისათვის 83.5 პროცენტი შეადგინა, თუმცა გასული წლის დასაწყისთან შედარებით ეს მაჩვენებელი 6.5 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში