2007 წლის ოქტომბრის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტება 1.6 მლრდ ლარით (64.8 პროცენტით) გაიზარდა და 4.2 მლრდ ლარი შეადგინა. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 63.5 პროცენტით მოიმატა და 1.1 მლრდ ლარს გაუტოლდა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდა 65.2 პროცენტით განისაზღვრა და მისმა მოცულობამ 3.1 მლრდ ლარს მიაღწია. ამასთან, სესხების სტრუქტურა ეროვნული და უცხოური ვალუტების მიხედვით თითქმის არ შეცვლილა და, შესაბამისად, 26 და 74 პროცენტის დონეზე დარჩა.
უკანასკნელ ერთ წელიწადში წინმსწრები ტემპით გაიზარდა გრძელვადიანი სესხების მოცულობა (75.6 პროცენტით, 43.2 პროცენტთან შედარებით მოკლევადიანი სესხების მიხედვით) და ამ მაჩვენებელმა ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების საერთო მოცულობაში 71.0 პროცენტი შეადგინა, გასული წლის ოქტომბრის თვის ბოლოს დაფიქსირებული 66.7 პროცენტის ნაცვლად.
რაც შეეხება სესხების სტრუქტურას ეკონომიკის დარგების მიხედვით, იურიდიული პირებისათვის 2007 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციული ბანკებს უშუალოდ ეკონომიკის სექტორების დასაკრედიტებლად ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 605,1 მლნ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42.8 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.2 მლრდ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55.2 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საანალიზო პერიოდში კომერციული ბანკების მიერ სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორის დაკრედიტება თითქმის ოთხჯერ გაიზარდა და 55.5 მლნ ლარი შეადგინა.
მრეწველობის სექტორისათვის გაცემული სესხების ოდენობა 44.7 პროცენტით გაიზარდა და 500.9 მლნ ლარი შეადგინა, მშენებლობის დაკრედიტება, შესაბამისად - 61.9 პროცენტით და 316.5 მლნ ლარი, ხოლო ვაჭრობის სფეროსათვის გაცემული სესხების მოცულობა - 65.2 პროცენტით და 1.4 მლრდ ლარი.
საგულისხმოა, რომ ამავე პერიოდში განათლების სექტორის დაკრედიტება თითქმის 3–ჯერ გაიზარდა და აბსოლუტურ გამოსახულებაში 8.8 მლნ ლარი შეადგინა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დაკრედიტება კი 56.5 პროცენტით –14.0 მლნ ლარამდე.
2007 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკებიდან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე, კვლევებსა და კომერციული საქმიანობისათვის გაცემული იყო 3.3–ჯერ მეტი სესხი და ამ მაჩვენებელმა 58.0 მლნ ლარი შეადგინა, სასტუმროებისა და რესტორნების ქსელისათვის გაცემული იყო 38.5 პროცენტით მეტი სესხი, ანუ 44.9 მლნ ლარი, ხოლო ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორისათვის 63.7 პროცენტით მეტი, ანუ 46.0 მლნ ლარი.
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობის ზრდა განპირობებულია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებითა და ეკონომიკური აქტივობის ამაღლებით, ასევე, მათ მიერ მოზიდული ლიკვიდური სახსრების ოდენობის ზრდითა და ახალი საკრედიტო ხაზების გახსნის შედეგად მიღებული რესურსების მატებით.