Available only in Georgian

Available only in Georgian

18 April, 2007
9-12 აპრილს,  ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ტერენს ჩეკის მიწვევით და ამერიკული მხარის დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტ დავით ამაღლობელის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის,  სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტების უფროსებიც.   საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ვაშინგტონში ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოსა და ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელ პირებთან.   შეხვედრებზე ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის წევრებს  ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული პოლიტიკის განხორციელების პრაქტიკული ასპექტები გააცნეს. მათ შორის,  ნიუ-იორკის ფედერალური ბანკის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე, (ეს ბანკი ერთადერთია ფედერალური სარეზერვო სისტემის 12 რეგიონული სარეზერვო ბანკიდან, რომელსაც ფულად-საკრედიტო ოპერაციების განხორციელების უფლება აქვს მინიჭებული) განიხილეს ფედერალური სარეზერვო ბანკის ბალანსზე მოქმედი ძირითადი ავტონომიური ფაქტორები და მათი პროგნოზირების საკითხები, ფასიანი ქაღალდების პორტფელის მართვის, ღია ბაზრის ოპერაციების ინსტრუმენტებისა და ბაზრების მონიტორინგის ტენდენციები, სადისკონტო ფანჯრის (ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გაცემული სესხები საჯარიმო განაკვეთით) გამოყენებისა და ადმინისტრირების საკითხები.   საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ დავით ამაღლობელის განცხადებით, „აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელებმა საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის მიმართ საქმიანი და განსაკუთრებით მეგობრული დამოკიდებულება გამოიჩინეს. მათ მიერ მოწოდებული ღირებული, საინტერესო, დეტალური ინფორმაცია და ფედერალური სარეზერვო სისტემის საქმიანობის გამოცდილება გამოყენებული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიის ფორმულირების დროს.“   შეხვედრებზე, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მესვეურებმა საქართველოს ეროვნულ ბანკთან გრძელვადიანი თანამშრომლობის მზადყოფნის სურვილი გამოთქვეს.