საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისაგან მამუკა კუდავასაგან მიიღო წერილი ფინანსური ქმედების ჯგუფის (FATF) აღმასრულებელ მდივანთან ალენ დამესთან შეხვედრის შესახებ. საქართველოს ელჩმა ალენ დამეს გადასცა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის წერილი FATF–ის თავმჯდომარისათვის, ფრანკ სვედლოვისათვის გასაგზავნად, სადაც მას კიდევ ერთხელ ეცნობა რუსეთის ბანკების მიერ აფხაზეთის ე.წ. საბანკო დაწესებულებებთან უკანონო თანამშრომლობისა და FATF–ის მიერ აღნიშნული საკითხის რუსეთის საბანკო სისტემის უახლოესი შემოწმების პროგრამის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.
საქართველოს ელჩისა და FATF–ის აღმასრულებელი მდივნის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წერილი ასევე გადაეგზავნება FATF–ის წევრ–სახელმწიფოებს. გარდა ამისა, როგორც შეხვედრაზე ითქვა, რუსული კომერციული ბანკების აფხაზეთში არაკანონიერი საქმიანობის შესახებ FATF–ის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის წინაშე საკითხის დასმა შესაძლებელია „საერთაშორისო თანამშრომლობის სამეთვალყურეო ჯგუფის“ (International Cooperation Rewiew Group - ICRG) სხდომაზე, სადაც შესაძლებელია რუსეთისადმი პრეტენზიის გამოთქმა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი იგნორირებას უკეთებს საქართველოს მოთხოვნებს და არ თანამშრომლობს მასთან აფხაზეთში საბანკო სფეროში არსებული დარღვევის აღსაკვეთად.
შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ უმჯობესია, რომ მომხსენებელი „საერთაშორისო თანამშრომლობის სამეთვალყურეო ჯგუფის“ სხდომაზე იყოს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი (MONEYVAL). ამდენად, ხსენებული თემა ჯერ MONEYVAL–ის საკომიტეტო სხდომაზე უნდა განიხილონ, სადაც შესაძლოა მიღებული იქნას გადაწყვეტილება საკითხის FATF–ის დონეზე განხილვის თაობაზე.
ამასთან, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სასურველია, თუკი ქართული მხარე გამართავს კონსულტაციას FATF–ის დამფუძნებელი დიდი შვიდეულის (G-7) სახელმწიფოთა და სხვა მნიშვნელოვანი წევრების (მაგალითად, აბსტრია, ბელგია, დანია, ესპანეთი, თურქეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, საბერძნეთი, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია) შესაბამისი კონპეტენტურ უწყებებთან, ასევე ევროკომისიასთან.
აღნიშნული საკითხის განხლვის მიზენით, საფრანგეთში საქართველოს საელჩო გამართავს შეხვედრებს საფრანგეთის შესაბამის სამთავრობო უწყებებთან.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიესალმა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საქმიანობას FATF–თან თანამშრომლობის გააქტიურების თვალსაზრისით. მისი შეფასებით, „ასეთი ურთიერთობების გააქტიურება გაზრდის FATF–ის ინფორმირებულობას შექმნილი პრობლემის თაობაზე.“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა ჯგუფის (FATF) თავმჯდომარეს წერილით მიმართა, რომელშიც აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ უკანონო საფინანსო სტრუქტურებთან რუსული კომერციული ბანკების არალეგალური თანამშრომლობის გამო, ამ ორგანიზაციის წინაშე რუსეთის ფედერაციის, როგორც FATF-ის წევრი ქვეყნის მიმართ მკაცრი გაფრთხილების და სათანადო სანქციების გამოყენების საკითხი დააყენა და FATF–ის მიერ რუსეთის საბანკო სისტემის უახლოესი შემოწმების პროგრამის დღის წესრიგში მისი ჩართვა მოითხოვა. FATF–ი შემოწმებას 2007 წლის სექტემბერში იწყებს.