Available only in Georgian

Available only in Georgian

21 May, 2007
21 მაისს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის მოწვევით, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნიდერლანდების ეროვნული პრეზიდენტი ნოუთ ველინკი ეწვია. მან ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ბანკში რომან გოცირიძესთან გამართა, რომლის დროსაც განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდების საბანკო სისტემებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების საკითხები.   შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებმა პრესისათვის ბრიფინგი გამართეს.   შესავალ სიტყვაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მოხარულია მსოფლიოში ცნობილი ფინანსისტის ნოუთ ველინკის საქართველოში სტუმრობის გამო. „მადლობას მოვახსენებ ბატონ ველინკს საქართველოში ვიზიტისათვის. იმედი მაქვს, რომ კავშირები ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება. ნიდერლანდების ბანკს საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის კარგი ტრადიცია აქვს. ევროპის ამ ერთ-ერთ წამყვან ცენტრალურ ბანკში არაერთმა ქართველმა სპეციალისტმა აიმაღლა კვალიფიკაცია,“ – აღნიშნა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, საქართველო შედის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ნიდერლანდების ჯგუფში და სწორედ ეს ქვეყანა იცავს აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს ინტერესებს.   „მრავალი წელია ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს საქმიანობას მთელ რიგ სფეროებში. თქვენ უდიდეს წარმატებას მიაღწიეთ. 1990-იან წლებში საქართველო დიდი კრიზისის წინაშე იდგა, დღეს კი სახეზეა კრიზისიდან თავის დაღწევის წარმატებული პოლიტიკა“, – აღნიშნა ნიდერლანდების ბანკის პრეზიდენტმა და დასძინა: „მინდა გულახდილად გითხრათ – ჩემი რეკომენდაციაა საქართველოს ცენტრალური ბანკის მიმართ, ისევე გააგრძელოს  საქმიანობა, როგორც  ის ამჟამად ახორცილებს. მრავალ, განსაკუთრებით კი ღია ეკონომიკის მქონე პატარა სახელმწიფოებში მინახავს, რომ  ისინი  იმავე დილემის წინაშე დგანან, როგორიც დღეს საქართველოს გააჩნია. მხედველობაში მაქვს გაცვლითი კურსი თუ ინფლაცია. ამ დროს ცენტრალურმა ბანკმა აღნიშნული საკითხების მოსაწესრიგებლად მეტად დელიკატური პოლიტიკა უნდა გაატაროს. მე მინდა საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა ამ პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით დადებითად შევაფასო“.   „რამდენიმე დღის წინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია 182 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინვესტორთა მხრიდან წარმატების მოლოდინი არსებობს, რაც ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის მაჩვენებელია. თუმცა, უზარმაზარი თანხების შემოდინება, რომელსაც მეტად სკრუპულოზური მართვა ესაჭიროება, იწვევს სავალუტო კურსის გამყარებას, რათა ინფლაცია იქნას თავიდან აცილებული. საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს „ოქროს შუალედის“ პოლიტიკას. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ნიდერლანდელმა კოლეგამ იგი მოიწონა“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.     „საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას  მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად ახორცილებს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ისევე როგორც მთავრობამ, თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა. ყველა ეკონომიკური პარამეტრი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიცვა, შეთანხმებულია სამმხრივი მემორადუმით. საქართველოს ეროვნულ ბანკს რომელიმე პარამეტრი რომ არ დაეცვა,  საქართველო ვერ მიიღებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილ ტრანშებს, დაახლოებით, 120 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. რამდენიმე დღეში საქართველოს სავალუტო ფონდის მისია ესტუმრება მორიგი სამუშაო ვიზიტით, რომელიც განიხილავს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკას. პროგრამის ფარგლებში დარჩენილია ბოლო ტრანში დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც საქართველო, დარწმუნებული ვარ, სირთულის გარეშე მიიღებს,“ –  აღნიშნა რომან გოცირიძემ.   ბრიფინგის შემდეგ, ნოუთ ველინკმა საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი დაათვალიერა. მოგვიანებით, ნიდერლანდელი სტუმარი სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მიიღო. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე.   ნიდერლანდების ბანკის პრეზიდენტი ნოუთ ველინკი დაიბადა 1943 წლის 27 აგვისტოს. 1961-1968 წწ. სწავლობდა და, როგორც მკვლევარი, საქმიანობდა ლეიდენის უნივერსიტეტში. 1965-1970 წლებში მუშაობდა ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროში მთავარი საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის აღმასრულებელ დირექტორად და მთავარ ხაზინადარად, 1982 წლის პირველი იანვრიდან ნიდერლანდების ბანკის მმართველთა საბჭოს წევრია, ხოლო 1997 წლის პირველი ივლისიდან ნიდერლანდების ბანკის პრეზიდენტის პოსტი უკავია. ამჟამად არის ბანკების ზედამხედველობის „ბაზელის კომიტეტის“ პრეზიდენტიც.