საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრები მიიღო. სავალუტო ფონდის დელეგაციას ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ჯონ ვეკმან-ლინი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაშია ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დევიდ ოუენი. შეხვედრაზე განიხილეს საკითხი „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ (PRGF) პროგრამის ბოლო მიმოხილვის შესახებ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის განცხადებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული სავალუტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა განხორციელდა საქართველოს მთავრობასთან, ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში და იგი აღნიშნული შეთანხმების მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარმატებით გაართვა თავი ყველა ვალდებულების შესრულებას და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბოლო 2,5 წლის განმავლობაში თუნდაც უმნიშვნელოდ დარღვეულიყო პროგრამის რომელიმე პარამეტრი”.
შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა ცალსახად გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმართ.
სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის ჯონ ვეიკმან-ლინის განცხადებით, მთავარ ორიენტირს უნდა წარმოადგენდეს ინფლაციის მაჩვენებელი და არა ვალუტის გაცვლის კურსი. მისი თქმით, სავალუტო კურსი მოქნილი უნდა იყოს, ფიქსირებული რეჟიმი კი შეიძლება გახდეს ინფალაციის დამატებითი წყარო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში პირველ ივნისამდე დარჩება. ვიზიტის ფარგლებში სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დევიდ ოუენი საქართველოს მედიის წარმომადგენლებისათვის წაიკითხავს მოხსენებას რეგიონული ეკონომიკის განვითარების შესახებ.
„სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამა“ 2004 წლის 4 ივნისს დამტკიცდა. ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესავსებად მიღებული აქვს დაახლოებით 120 მლნ აშშ დოლარის ტრანში, ბოლო ტრანშის (20 მლნ აშშ დოლარის) მიღების საკითხი სავალუტო ფონდის ამჟამინდელი მისიის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.