Available only in Georgian

Available only in Georgian

30 May, 2007
  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე საბანკო კანონმდებლობის საკითხებზე მიმდინარე სამუშაო შეკრების მონაწილეებს მიესალმა. ღონისძიება საქართველოს ეროვნულ ბანკში ტარდება და მასში დსთ-ისა და ბალტიის რვა სახელმწიფოს (რუსეთი, ესტონეთი, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი და ყახაზეთი) ცენტრალური ბანკების იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელები მონაწილეობენ.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 27 სახელმწიფოში ჩაატარა გამოკვლევა, რომლის თანახმადაც, საქართველო, საბანკო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პირველ ადგილზეა, ხოლო სხვა გამოკვლეულ სახელმწიფოებთან შედარებით ერთ-ერთი ლიდერია“.   საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ბაადურ ყიფიანის განცხადებით, წლევანდელ შეკრებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ესტონეთზე, როგორც ევროკავშირში ახლად გაწევრიანებულ ქვეყანაზე. „საინტერესოა კანონმდებლობის ცვლილებების თვალსაზრისით მათი გამოცდილების გაზიარება, რაც დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ როგორ მოვახდინოთ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროგაერთიანების სამართალთან“, – აღნიშნა ბაადურ ყიფიანმა.   „საიუბილეო V შეკრების ჩატარების ადგილად თბილისი შემთხვევით არ აგვირჩევია. ჯერ ერთი, საქართველოში მაღალი კლასის საბანკო იურისტები მუშაობენ და მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა, გარდა ამისა, სწორედ ასეთი კონტაქტების მეშვეობითაა შესაძლებელი თანამშრომლობის გაღრმავება არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ცენტრალურ ბანკებს, არამედ, ზოგადად, ორი ქვეყნის საბანკო წრეებს შორის“, – განაცხადა რუსეთის ცენტრალური ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა სერგეი გოლუბევმა, რომელიც თბილისის შეკრებაში იღებს მონაწილეობას.   მსგავსი ფორმატის შეხვედრები უკვე მეხუთე წელია ტარდება და მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების საფინანსო და საბანკო სექტორებში არსებული პრობლემების განხილვასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას.