საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა და „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ (PRGF) პროგრამის მეექვსე, დამასრულებელი მიმოხილვის ფარგლებში 21.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ტრანში გამოყო. გადაწყვეტილება სავალუტო ფონდმა გუშინ, გვიან ღამით, აღნიშნული პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მიღებული საფინანსო რესურსები საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას მოხმარდა. „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ (PRGF) პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე 149.4 მილიონი აშშ დოლარი ჩაირიცხა.