საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ უმსხვილესი ბრიტანული ბანკის HSBC–ის დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ბანკის საქართველოში საქმიანობის პერსპექტივებისა და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე საფინანსო–ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე მისალმა HSBCის შემოსვლას საქართველოში. „ჩვენი ინტერესია, საქართველოში ძლიერი და გამჭვირვალე კაპიტალით შექმნილი ბანკები საქმიანობდნენ. საქართველოს საბანკო სექტორისადმი დიდია უცხოელი ინვესტორების ინტერესი. 2007 წელს ჩვენ მხოლოდ ამ სექტორში 700–800 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციებს ველოდებით. ბოლო სამი წლის მანძილზე საბანკო სექტორში არსებული ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა,“ – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე ბრიტანული ბანკის წარმომადგენლებმა დაასახელეს თბილისში HSBC–ის ოფისის ოფიციალური გახსნის სავარაუდო თარიღი და დასძინეს, რომ მათ დიდი სურვილი აქვთ, საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილეები გახდნენ.