200-ლარიანმა დოლარი „შეავიწროვა“
ხუთი თვეა, რაც 200-ლარიანი ბანკნოტი მიმოქცევაშია, მისმა რაოდენობამ ბრუნვაში კი უკვე დაახლოებით 60 მილიონ ლარს მიაღწია. ეს მიმოქცევაში არსებული ფულის 5.8 პროცენტია. 200-ლარიანი გამოიყენება უკვე როგორც დაგროვების საშუალება. 100-დოლარიანის ნაცვლად, თანდათანობით შენახვის ფუნქცია 200-ლარიანმა აიღო.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის საკარო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსმა გოჩა გორდეზიანმა განაცხადა, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი, წმიდა ტექნიკური - ერთი 200-ლარიანი კუპიურა უფრო მეტ ღირებულებას მიცავს, ვიდრე ერთი 100-დოლარიანი; მეორე და ძირითადი - ნდობა ლარისადმი იზრდება, დოლართან მიმართებაში მისი პერმანენტული გამყარების გამო. ერთ-ერთი ფაქტორი ასევე შეიძლება იყოს ახალი კუპიურის მაღალი დაცულობა და, დოლართან შედარებით, მისი გაყალბების ნაკლები საფრთხე. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკაში კვლავ გრძელდება დედოლარიზაციის პროცესი. ამ მაჩვენებელმა მიმდინარე წლის 9 თვეში 6 პროცენტული პუნქტით იკლო.