Available only in Georgian

Available only in Georgian

28 September, 2007
მონაცემთა გავრცელების ზოგად სისტემის მოთხოვნის და საერთა­შორისო სტანდარტების  შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკი კვარტალური პერიოდულობით აწარმოებს ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკას.   მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადამხდელო ბალანსთან, აქაც გამოყოფილია ეკონომიკის ოთხი  ძირითადი სექტორი: სამთავრობო სექტორი, ფულად-საკრედიტო ორგანოების სექტორი, საბანკო სექტორი და სხვა სექტორები. გარდა ამისა, ცალკეა მოცემული კომპანიათაშორისი სესხები. სხვა სექტორები იყოფა სამ ქვესექტორად, ესენია: არასაბანკო საფინანსო კორპორაციები, არასაფინანსო კორპორაციები, შინამეურნეობები და მათი მომსახურე არაკომერციული ორგანი­ზაციები. დღეისათვის ეს უკანასკნელი ქვესექტორი, რომლის დაკვირვების ქვეშ მოქცევა მეტად რთულია, არ არის მოცული. ნაწილობრივ არის მოცული არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციების ქვესექტორი. ახლო მომავალში მიღებული იქნება ზომები ამ ქვესექტორის სრულად მოცვისათვის.   მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციას ეროვნული ბანკი იღებს: ფინანსთა სამინისტროდან, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტიდან, და ინფორმაციის საკუთარი  წყაროებიდან.   რაც შეეხება უშუალოდ საგარეო ვალს, 2007 წლის 30 ივნისის მდგომარეობით,  საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა  4.056,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; აქედან 1.502,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგენდა სახელმწიფო სექტორის ვალს, 240 მილიონი აშშ დოლარი – ეროვნული ბანკის ვალს, 879  მილიონი აშშ დოლარი – საბანკო სექტორის ვალს,  481,8 მილიონი აშშ დოლარი – სხვა სექტორების ვალს და 953,6 მილიონი აშშ დოლარი – კომპანიათაშორისო ვალს. მთლიანი საგარეო ვალის 93 პროცენტი არის უცხოურ ვალუტაში.   მეორე კვარტალის განმავლობაში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 353,7 მილიონი აშშ დოლარით. აქედან, 157 მილიონი აშშ დოლარი მოდის საბანკო სექტორის ვალდებულებებზე, ხოლო 136,5 მილიონი აშშ დოლარი მოდის პირდაპირი ინვესტორებისაგან მიღებულ კომპანიათაშორის სესხებზე. აღსანიშნავია, რომ 2007 წლის მეორრე კვარტალში შემცირდა სახელმწიფო სექტორისა და ეროვნული ბანკის დავალიანება საგარეო სექტორის მიმართ ჯამში დაახლოებით 25 მილიონი აშშ დოლარით.   საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს საგარეო ვალს“, ყოველკვარტალურად გამოაქვეყნებს სტატისტიკური პუბლიკაციების კალენდრის მიხედვით, რომელიც განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.nbg.gov.ge „სტატისტიკის“ რუბრიკაში.