Available only in Georgian

Available only in Georgian

18 October, 2007
საქართველოში პლასტიკური ბარათების ბაზრის განვითარება დინამიურობას ინარჩუნებს. მიმდინარე წლის 1 ოქტომბრისათვის საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული საბანკო პლასტიკური ბარათების რაოდენობამ 1.8 მლნ შეადგინა, რაც თითქმის 2–ჯერ მეტია წლის დასაწყისათვის არსებულ ანალოგიურ მაჩვენებელზე. აქედან 95 პროცენტი სადებეტო ბარათებზე მოდის.   კვლავ ყველაზე მეტი პოპულარობით VISA ბარათი სარგებლობს – მიმოქცევაში არსებული ბარათების 72 პროცენტი; მას მოსდევს EURO CARD/MASTER CARD-ი 16 პროცენტით, ხოლო დანარჩენი 12 პროცენტი ადგილობრივი ბარათების წილად მოდის.   პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა თვეში დაახლოებით 10 პროცენტით იზრდებოდა და მათმა საერთო თანხამ განვლილი 9 თვის განმავლობაში 2 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების 70 პროცენტი ბანკომატების, ხოლო 29 პროცენტი პოს–ტერმინალების საშუალებით განხორციელებულ ოპერაციებზე მოდის. ოპერაციების ჯერ მხოლოდ უმნიშვნელო წილი – დაახლოებით 1 პროცენტი მოდის ინტერნეტით განხორციელებულ ოპერაციებზე.   განვლილი 9 თვის განმავლობაში საბანკო პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების საერთო მოცულობიდან 85 პროცენტი ქვეყნის ტერიტორიაზე რეზიდენტი კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული ბარათებით  განხორციელდა, 5 პროცენტი – ანალოგიური ბარათებით საზღვარგარეთ განხორციელებულ ოპერაციებზე მოდის, ხოლო დაახლოებით 9 პროცენტი – არარეზიდენტების მიერ ემიტირებული ბარათებით საქართველოში განხორციელებულ  ოპერაციებზე.  ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციები, ამ კლასიფიკაციაშიც, დაახლოებით მხოლოდ 1 პროცენტის ფარგლებშია, რაც ქვეყანაში ელექტრონული ვაჭრობის ჯერ კიდევ ნაკლებ პოპულარობაზე მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული თანაფარდობები შენარჩუნებული იყო მთელი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, თუმცა გამოყენებული პლასტიკური ბარათების როგორც რაოდენობის, ისე მათი მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების მოცულობის მაჩვენებლების დინამიკა აღნიშნული საბანკო პროდუქტის პოპულარობის ზრდაზე მიუთითებს.   წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში