6 ნოემერს საქართველოს ეროვნულ ბანკს სამუშაო ვიზიტით ეწვია პოლონეთის ეროვნული ბანკის დელეგაცია. დელეგაციას ხელმძღვანელობს პოლონეთის ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის დირექტორი პიოტრ შპუნარი.
გამოცდილების გაზიარების მიზნით პოლონელმა სპეციალისტებმა შეხვედრები გამართეს მონეტარული პოლიტიკის, ფინანსური სტაბილურობის, ნაღდი ფულის მოძრაობის, ადამიანური რესურსების მართვისა და ტექნიკური დახმარების საკითხებზე.
„პოლონეთის ეროვნული ბანკი ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ცენტრალური ბანკია, მისი მონეტარული პოლიტიკა კი, როგორც მოდელი, საქართველოსათვის მისაღებია,“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა. მისი თქმით, პოლონეთის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა სამუშაო ფორმატში მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს ეროვნული ბანკი ანალოგიური ურთიერთობებს გააფართოვებს როგორც გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების, ასევე ევროპის უკვე აღიარებულ ცენტრალურ ბანკებთან.