Available only in Georgian

Available only in Georgian

08 November, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკი მსოფლიო ბანკის ექსპერტების დახმარებით იწყებს ახალ მასშტაბურ პროექტზე მუშაობას, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემის და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის დანერგვას საქართველოში. ამ მიზნით  საქართველოს ეროვნულ ბანკს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შესაბამისი დარგის ექსპერტთა ჯგუფი ეწვია. გაიმართა შეხვედრები რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო ხაზინის, კომერციული ბანკების, ბანკების ასოციაციის, ბირჟებისა და საპროცესინგო კომპანიების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.   საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტის, გიორგი ღლონტის განცხადებით, საბანკო სისტემის დინამიური განვითარების პირობებში, რასაც ბოლო წლების სტატისტიკური მაჩვენებლები ადასტურებენ, საგადახდო სისტემა საქართველოში მოდერნიზებას საჭიროებს. მისი თქმით, თანამედროვე საგადახდო სისტემის რეფორმირება ოპერაციული რისკების შემცირებასა და ტრანზაქციების უსაფრთხოების გაძლიერებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია აგრეთვე, სისტემაში ჩართულ მონაწილეთა წრის გაფართოება და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის ინტეგრაცია რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემასთან (RTGS).    “ამ სფეროსთან დაკავშირებული ყოველი მხარის აქტიური მონაწილეობით, ეროვნული ბანკი, როგორც ორგანიზატორი, გაითვალისწინებს და შეაჯერებს ყველა წინადადებას. მსოფლიო ბანკის ექსპერტები დახმარებას გაგვიწევენ პროექტის განხორციელების მთელი პროცესის განმავლობაში,“ – განაცხადა გიორგი ღლონტმა.      შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის ექსპერტმა – რობერტ კეპლერმა აღნიშნა, რომ განახლებული სისტემის საქართველოში დანერგვას დაახლოებით, 18-20 თვე დასჭირდება და სავარაუდოდ, 2009 წლის ივნისისათვის დასრულდება.    რეალურ დროში ანგრისწორების სისტემა (RTGS) ერთადერთი საგადახდო სისტემაა საქართველოში. 2006 წლის მონაცემებით, ამ სისტემის მეშვეობით 19.3 მილიარდი ლარის მოცულობის 4.2 მოლიონი ტრანზაქცია განხორციელდა.