მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება კვლავ აღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა. თუ 2000-2005 წლებში ასეთი გზავნილების საშუალო წლიური მოცულობა, დაახლოებით, 180 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა (თვეში საშუალოდ 15 მლნ აშშ დოლარს), 2006 წელს ეს მაჩვენებელი 544.7 (შესაბამისად, 45 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2007 წლის 10 თვეში 682.8 მლნ აშშ დოლარს უტოლდებოდა (68 მლნ აშშ დოლარი), რაც 57.1 პროცენტით მეტია 2006 წლის ანალოგიური პერიოდის დონეზე. აღნიშნული ფულადი ნაკადების ამგვარი ზრდა გამოიწვია მთელი რიგი ქვეყნებიდან მათი მოცულობის მნიშვნელოვანმა მატებამ. 2007 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ამ სახის კაპიტალის ძირითადი ექსპორტიორები იყვნენ რუსეთი, აშშ, საბერძნეთი, ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი და ავსტრია (იხ. ცხრილი), რომელთა წილად მოდის ამ პერიოდში საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების 88.9 პროცენტი.