საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ივლისში შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, მიმდინარე წელს ფინანსთა სამინისტრომ ეროვნულ ბანკს 40.7 მლნ ლარის მოცულობის სესხი შემდეგი გრაფიკის მიხედვით უნდა დაუფაროს: ოქტომბერში - 4 მლნ ლარი, ნოემბერში - 6,5 მლნ ლარი, ხოლო დეკემბერში - 30.2 მლნ ლარი. სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა ფინანსთა სამინისტროსთვის 2,2 მლნ ლარის მოცულობის სესხი უნდა გასცეს. მოცემულ ეტაპზე სებ-მა ფინანსთა სამინისტროს უკვე 34,4 მლნ ლარის სესხი მისცა.
სესხების დაფარვის ძირითად წყაროდ მსოფლიო ბანკიდან მისაღები SAC-ის 12,5 მლნ და ESAC-ის 40 მლნ აშშ დოლარის მოცულობის კრედიტები განიხილება.
სებ-ის ფულად-საკრედიტო ოპერაციების სამმართველოს უფროსის გიორგი ხელაიას განმარტებით, აღნიშნული თანხების მიუღებლობის შემთხვევაში სსფ-ის რეკომენდაციების შესაბამისად, ამოქმედდება ე.წ. "შემასწორებელი" მექანიზმი, რაც საშინაო და საგარეო დაფინანსების წყაროების მიუღებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის სესხის ხარჯზე ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებას ითვალისწინებს. ამ მიზნით მიმდინარე წელს გათვალისწინებულია არაუმეტეს 40 მლნ ლარის მოცულობის კრედიტის გაღება. 2001 წლის დარჩენილ პერიოდში ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროზე ახალ სესხს არ გასცემს. რაც შეეხება ამ პერიოდამდე გაცემულ მოკლევადიან სესხებს უკლებლივ ყველა მათგანი გრძელვადიან საკრედიტო რესურსად გადაფორმდება.
უკანასკნელი თერთმეტი წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს ეროვნული ბანკის 700 მლნ ლარის მოცულობის დავალიანება გააჩნია.
სსფ-ის რეკომენდაციის შესაბამისად, ბიუჯეტის სეკვესტრის აუცილებლობამ ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნული ბანკისაგან ლიმიტზე ზევით თანხის მოთხოვნა განაპირობა. ფინანსთა სამინისტროსთვის გაუთვალისწინებელი სესხის გაცემამ შესაძლოა ეროვნულ ვალუტას საფრთხე შეუქმნას და დასაბამი მისცეს სერიოზული ინფლაციური პროცესების განვითარებას.