6 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნიკა გეგუჩაძემ, საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის წარმომადგენელმა დიმიტრი ჯაფარიძემ და საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ მიხეილ ჯიბუტმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ.აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, მხარეები აცნობიერებენ, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დამარცხება მხოლოდ მრავალპროფილიანი, გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებით არის შესაძლებელი. ეს სტრატეგია უნდა მოიცავდეს როგორც საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციას და ადმინისტრაციული სტრუქტურული მოდელის ფორმირებას, ასევე ფინანსური მონიტორინგის ეფექტიანი განხორციელების მიზნით უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის პოპულარიზაციას. სებ-ის პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ განაცხადა, რომ მისასალმებელია აღნიშნული მემორანდუმით მისი ხელმომწერი მხარეების ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმება. მისივე შეფასებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის მჭიდრო კავშირი.ფინანსური მონიტორინგის სამსახური საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მისი ძირითადი ფუნქციაა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთისათვის ხელშეწყობა, მათ შორის საეჭვო ინფორმაციების შეკრება და საკმარისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მასალების საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაცემა. მემორანდუმზე ხელმოწერისას აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკის პარტნიორობა მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებთან, ერთგვარად, დადებით მუხტს ქმნის, ხაზი გაესვა აგრეთვე, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში კეთილსინდისერ მეწარმეს პრობლემები არ უნდა შეექმნას და იგი ყოველმხრივ დაცული უნდა იყოს.