Available only in Georgian

Available only in Georgian

18 October, 2004
დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურსა და უკრაინის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას მიეძღვნა.   ჟურნალისტებს შეხვდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნიკა გეგუჩაძე და საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი უკრაინის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დელეგაცია.   მემორანდუმი საქართველოსა და უკრაინის ფინანსური მონიტორინგის სამსახურებს შორის ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას ისეთ სფეროებში, როგორიცაა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე აღნიშნულ სფეროებში გამოცდილების ურთიერთგაზიარება. 11 სექტემბერს აშშ-ში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა მთელი სიმწვავით აგრძნობინა მსოფლიოს, თუ რას ხმარდება იარაღის უკანონო ვაჭრობით, ნარკობიზნესითა და კონტრაბანდის დანაშაულებრივი გზებით მოპოვებული ფული, თუ რა წარმოადგენს  ტერორიზმის მკვებავ ძირითადად წყაროს. აქედან გამომდინარე, ,,ფულის გათეთრების” წინააღმდეგ ბრძოლა დღითიდღე ფართო მასშატაბებს იღებს და, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ირაკლი მანაგაძის თქმით, ამ სფეროში ურთიერთთანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.    ,,ფულის გამთეთრებლად” საფინანსო სექტორის გამოყენების წინააღმდეგ მოძრაობა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. დღეისათვის სპეციალური საერთაშორისო ორგანიზაცია FATF-ი 29 ქვეყანას აერთიანებს და წევრი ქვეყნების საფინანსო სისტემების დაცულობის უზრუნველსაყოფად და დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულის გათეთრების მასშტაბის შესამცირებლად პერიოდულად განსაზღვრას იმ ქვეყნების სიას, რომლებიც შავი ფულის გათეთრების პოტენციურ ცენტრებს წარმოადგენენ. ამ სიაში ახლო წარსულში უკრაინაც მოხვდა, რამაც ქვეყანას მატერიალურ ზარალთან ერთად საფინანსო წრეებში იმიჯი შეულახა, მაგრამ კანონმდებლობაში აუცილებელი შესწორების შეტანის შემდეგ, შექმნილ პრობლემას  თავი დააღწია.  2002 წლის დეკემბერში იგივე პრობლემის წინაშე იდგა საქართველოც, სადაც ანალოგიური კანონი იმ ეტაპზე მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული პროექტის დონეზე რჩებოდა. საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ კი საქართველო ,,შავ სიას”  და შესაბამისად, საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეს გადაურჩა. საფინანსო მონიტორინგის სამსასახურის უფროსის ნიკა გეგუჩაძის თქმით, ამაში გარკვეული წილი უკრაინელ კოლეგებსაც მიუძღვით, რადგან გამოცდილების გაზიარების მიზნით,  იმთავითვე აქტიურად მიმდინარეობა მათთან თანამშრომლობა.  ასე რომ, მემორანდუმის გაფორმებას წინ, წლების მანძილზე გამოცდილი თანამშრომლობა უძღოდა.   ნიკა გეგუჩაძის ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში ურთიერთგაგების  მემორანდუმი ჩეხეთის რესპუბლიკასთანაც გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოსკოვში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოეწერა, რომელიც ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს ეძღვნებოდა.   კონფერენციაზე დაფუძნდა რეგიონალური ორგანიზაცია ,,ევრაზიული ჯგუფი”, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს წევრი-სახელმწიფოების ინტეგრაცია დანაშაულებრივი შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სისტემაში. ,,ევრაზიის ჯგუფის” წევრები არიან: რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ჩინეთი.   აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა ევროპის საბჭოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეგიდით და მასში დამკვირვებლის სტატუსით უკრაინისა და შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებთან ერთად მონაწილეობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიც იღებდა.