Available only in Georgian

Available only in Georgian

09 June, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე 9 ივნისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კრემერსს შეხვდა, რომელიც ამ საფინანსო ინსტიტუტში ნიდერლანდების ჯგუფის წევრ ქვეყნებს წარმოადგენს.საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამას“ და 11-12 ივნისს თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდების ჯგუფის წევრი ქვეყნების, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა და ალტერნატიულ მმართველთა სამუშაო შეხვედრის საკითხებს. „სასიამოვნოა და საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ თბილისში ასეთი მაღალი რანგის ფორუმი ტარდება. მასში ჩვენი ფონდის მმართველ დირექტორთან როდრიგო დე რატოსთან და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან შიგეო კაცუსთან ერთად მრავალი ქვეყნის მონეტარული და ფისკალური სტრუქტურების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას,“ – აღნიშნა სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა რომან გოცირიძესთან შეხვედრის დასაწყისში. იერუნ კრემერსის განცხადებით, საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს სავალუტო ფონდისა და მთავრობის ერთობლივი პროგრამა, რომლის ფარგლებში 2005 წლის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო მორიგი ტრანშის გამოყოფის საკითხს განიხილავს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, თბილისში პირველად გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მეთაურთა მეტად წარმომადგენლობითი შეხვედრა. ეს ფაქტი ქვეყნის იმიჯზე პოზიტიურად იმოქმედებს. ფორუმზე იმსჯელებენ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგრამების მნიშვნელობაზე, სხვადასხვა ქვეყნებში მათ მიმდინარეობაზე. „ჩვენი სახელმწიფო აღიქმება, როგორც სავალუტო ფონდის პროგრამის წარმატებით განხორციელების ნიმუში“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდების ჯგუფის წევრი ქვეყნები არიან: ნიდერლანდები, საქართველო, ისრაელი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა, სომხეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, მაკედონია, მოლდოვა, კვიპროსი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამა 32 ქვეყანაში ხორციელდება. საქართველოსთვის აღნიშნული პროგრამა, 98 მლნ SDR-ის (დაახლოებით 144 მლნ აშშ დოლარი) მოცულობით, გასული წლის 4 ივნისს დამტკიცდა და 2007 წლის 3 ივნისს უნდა დასრულდეს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პირველი ტრანში, 14 მლნ SDR-ის მოცულობით, ეროვნულმა ბანკმა 2004 წლის 21 ივნისს მიიღო. მეორე ტრანში, 14 მლნ SDR-ის (21,5 მლნ აშშ დოლარი) მოცულობით, სებ-ის ანგარიშზე 2005 წლის 11 იანვარს ჩაირიცხა. სსფ-ის მესამე, 14 მლნ SDR-ის ოდენობის ტრანშის მიღება კი წლის ბოლოსთვის არის ნავარაუდევი.