საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე 11 ივნისს მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს შიგეო კაცუს შეხვდა.
„თქვენი ქვეყნისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდების ჯგუფის წევრი ქვეყნების, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა და ალტერნატიულ მმართველთა სამუშაო შეხვედრის თბილისში ჩატარება განსაკუთრებული ფაქტია. მაღალი რანგის ფორუმზე ნიდერლანდების ჯგუფში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ფართო დისკუსია გაიმართება. რამდენიმე წელია ამ სახელმწიფოებს მსოფლიო ბანკი სოლიდურ ფინანსურ დახმარებას უწევს, რომელიც მთავრობის მმართველობის დონის ამაღლებისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების განვითარებისათვის არის გამიზნული“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულებისას პრესასთან საუბარში შიგეო კაცუმ.
რომან გოცირიძის შეფასებით, მსოფლიო ბანკი ქვეყნის მნიშვნელოვანი ფინანსური დონორია. ამ ინსტიტუტის დახმარებით დაფინანსდა და ხორციელდება მრავალი პროექტი. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს, რაც მსოფლიო ბანკის შემდგომი საქმიანობის ინტენსიურობის ზრდის განმსაზღვრელია. მისივე განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 8%-ს გადააჭარბებს, ინფლაცია კი ერთნიშნა ციფრი იქნება.
2005 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ფინანსური დახმარების სახით 37 პროექტის დასაფინანსებლად 772.8 მლნ აშშ დოლარი გამოუყო. აქედან უკვე დახურულ 19 პროექტს 621.9 მლნ აშშ დოლარი მოხმარდა, საიდანაც 304.4 მლნ აშშ დოლარი პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართა. ამჟამად ხორციელდება 18 პროექტი. 1992 წლიდან დღემდე მსოფლიო ბანკმა საქართველოს 50.9 მლნ აშშ დოლარის მოცულობის გრანტი გამოუყო.