აფხაზური პრესის არაოფიციალური ცნობებით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კომერციულ ბანკებს რუსეთის ტერიტორიაზე საკორესპონდენტო ანგარიშები დაუხურეს. აღნიშნული საინფორმაციო წყარო ამის მიზეზად აფხაზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის პოსტზე რუსეთის ცენტრალური ბანკისათვის მიუღებელი კანდიდატურის დანიშვნას ასახელებს, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი თვლის, რომ, თუ აფხაზურ პრესაში გავრცელებული ცნობა სიმართლეს შეესაბამება, რუსეთის ცენტრალური ბანკის რეაქცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის ოფიციალურ პროტესტს მოჰყვა და რუსულმა მხარემ მისი მოთხოვნები გაითვალისწინა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ თავის რუს კოლეგას სერგეი იგნატიევს რუსეთის ფედერაციის ცალკეული ბანკების აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ საფინანსო სტრუქტურებთან უკანონო თანამშრომლობის აღკვეთის შესახებ ოფიციალური წერილი ჯერ კიდევ მაისში გაუგზავნა.
„რუსეთის ზოგიერთი კომერციული ბანკის თანამშრომლობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ საფინანსო დაწესებულებებთან, რომელთაც საქმიანობის შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნიათ, ეწინააღმდეგება დსთ-ის წევრ სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრებზე მიღებულ ოფიციალურ გადაწყვეტილებებს კონფლიქტურ რეგიონებთან ყოველგვარი ურთიერთობის აკრძალვის თაობაზე. ამგვარი თანამშრომლობა, ფაქტობრივად, ნოყიერ ნიადაგს ქმნის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსებისათვის, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის იმ ვალებულებებთან, რომელიც რუსეთს, როგორც FATF-ის წევრ ქვეყანას, აქვს აღებული“, – აღნიშნული იყო რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარისა და რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის მისამართით გაგზავნილ წერილში.
რომან გოცირიძემ რუსული კომერციული ბანკების აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ ფინანსურ სტრუქტურებთან უკანონო თანამშრომლობის აღკვეთის საკითხი 27-28 მაისს სანკტ-პეტერბურგში შუა აზიის, ბალკანეთისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის ყოველწლიურ შეხვედრაზეც დააყენა და რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეს ამ პრობლემის გადასაჭრელად შესაბამისი ზომების მიღებისაკენ მოუწოდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი, რუსეთის ფედერაციის ცალკეული კომერციული ბანკების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ საფინანსო სტრუქტურებთან უკანონო თანამშრომლობის გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციებს – FATF-სა (ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა ჯგუფი) და MONEYVAL-ს (ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა კომიტეტი) მიმართავს.