რუსული გაზეთი „ნოვიე იზვესტია“ 16 ივნისს აქვეყნებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძესთან ინტერვიუს სათაურით: „საქართველოს მოქალაქეები რუსეთს ამდიდრებენ“, რომელშიც საუბარი რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და პერსპექტივას ეხება.
ინტერვიუს მთავარი თემა არის აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ საფინანსო სტრუქტურებთან რუსეთის ფედერაციის ცალკეული კომერციული ბანკების უკანონო თანამშრომლობა, რომლის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რამდენჯერმე დააფიქსირა ოფიციალური პოზიცია და თავის რუს კოლეგას სერგეი იგნატიევს, ასევე რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელს ვიქტორ ზუბკოვს პრობლემის გადასაჭრელად შესაბამისი ზომების მიღებისაკენ მოუწოდა.
„პრობლემა არის ის, რომ ელექტრონული ანგარიშსწორებისა და საკორესპონდენტო ანგარიშების სისტემების ქსელში – „ზოლოტაია კორონაში“ – ჩართვით ხდება რუსეთის მთელი რიგი კომერციული ბანკების მხრიდან აფხაზეთის ბანკების თავის სისტემაში ინკორპორირება, რითაც, აფხაზეთიდან რუსეთში და პირიქით, ნებისმიერი ოდენობის თანხის გადარიცხვის შესაძლებლობა იქმნება. ეს აშკარად ეწინააღმდეგება როგორც დსთ-ის ქვეყნების მეთაურთა მიერ მიღებულ შესაბამის გადაწყვეტილებებს, ისე თავად რუსეთის შიდა კანონმდებლობას“, – აღნიშნავს რომან გოცირიძე „ნოვიე იზვესტიას“ კორესპონდენტთან საუბარში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის კომერციული ბანკების ჩარევა აფხაზეთის საბანკო სისტემაში უკანონოა იმის გამოც, რომ გამომდინარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპიდან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, რუსეთის მიერ არის აღიარებული, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეროგატივაა აფხაზეთის საბანკო სისტემაზე იურისდიქციის განხორციელება და საბანკო საქმიანობის რეგულირება. „...ჩვენი მოსაზრებები რეალურ ფაქტებს ემყარება და მე რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეს გადავეცი არასრული სია იმ რუსული ბანკებისა, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სტრუქტურებთან უკანონოდ თანამშრომლობენ. ამ ჩამონათვალმა 7 ფურცელი დაიკავა“, – აღნიშნავს „ნოვიე იზვესტიასთან“ ინტერვიუში რომან გოცირიძე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რუსული გაზეთის ფურცლებზე განსაკუთრებულ ყურადღებას „ფულის გათეთრების“ პრობლემაზე ამახვილებს და თვლის, რომ ამგვარი არაკონტროლირებადი და უკანონო საბანკო რეჟიმი, რომელშიც რუსული ბანკები მონაწილეობენ, ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის უკანონო და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციისათვის. ეს კი, თავის მხრივ, იმ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება, რომელიც რუსეთს, როგორც FATF-ის (ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა ჯგუფი) წევრ ქვეყანას, აქვს აღებული. ამან რუსეთის რეპუტაციას საერთაშორისო საბანკო წრეებში შეიძლება საფრთხე შეუქმნას. რუსეთი ჯერ კიდევ 3 წლის წინ ამ ორგანიზაციის „შავ სიაში“ იყო შეტანილი. თუ მოსკოვი ჩვენს კანონიერ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, საქართველოს ეროვნული ბანკი იძულებული იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართოს უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციას – FATF-სა და ეს საკითხი ევროსაბჭოს MONEYVAL-ის კომიტეტშიც დააყენოს. მანამდე კი რუსი კოლეგების რეაქციას დაელოდება“.
„რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეს, ბატონ იგნატევს მე სანკტ-პეტერბურგში შევხვდი. საუბარი საინტერსო გამოდგა და მეჩვენება, რომ კოლეგამ ჩვენი მოსაზრებები ყურად იღო. პირველი დამაიმედებელი სიმპტომები უკვე სახეზეა – აფხაზური პრესის არაოფიციალური ცნობებით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კომერციულ ბანკებს რუსეთის ტერიტორიაზე საკორესპონდენტო ანგარიშები დაუხურეს. თუმცა, ამის მიზეზებს არაერთმნიშვნელოვნად ხსნიან. ზოგიერთი თვლის, რომ ეს აფხაზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის პოსტზე რუსეთისათვის მიუღებელი კანდიდატურის დანიშვნამ განაპირობა, სხვები მიიჩნევენ, რომ რუსულმა მხარემ ჩვენი პოზიცია გაითვალისწინა. ჩვენთვის ამ შემთხვევაში მთავარი რეზულტატია“, – განუცხადა რომან გოცირიძემ „ნოვიე იზვესტიას“ ჟურნალისტს.
რუსული გაზეთის კორესპონდენტი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაინტერესდა, რომელიც რუსული პენსიების აფხაზეთში მოქმედი ბანკების მეშვეობით გაცემას ეხება: „ჩვენ არასდროს ვყოფილვართ იმის წინააღმდეგი, რომ რუსეთი აფხაზეთის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაეხმაროს, მაგრამ ყოველივე ეს უნდა ხორციელდებოდეს ლეგალურად, ცენტრალური ხელისუფლების, მათ შორის, ეროვნული ბანკის ნებართვით. საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, მითუმეტეს, როდესაც გაგვაჩნია რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებისათის ხელფასების გაცემის კარგი გამოცდილება“, – აღნიშნავს რომან გოცირიძე.
„ნოვიე იზვესტიას“ კორესპონდენტთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქართული საბანკო სისტემით რუსული კაპიტალის დაინტერესების, კერძოდ, „ვნეშტორგბანკის“ მიერ „გაერთიანებული ქართული ბანკის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის შეძენის შესახებაც საუბრობს: „თავდაპირველად „ვნეშტორგბანკის“ საქართველოში გამოჩენას გარკვეული შიშით შეხვდნენ. რადგან ეს ბანკი, ერთი მხრივ, ასპროცენტიანი სახელმწიფო წილით არის შექმნილი, ხოლო, მეორე მხრივ, რუსულია. შიში იმითაც იყო გამოწვეული, რომ ქართულ ბაზარზე გააქტიურებულნი არიან მძლავრი რუსული სახელმწიფო კომპანიები – „რაო ეესი“ და „გაზპრომი“. ახლა ვხედავთ, რომ „ვნეშტორგბანკი“ დაინტერესებულია თავისი ბიზნესის განვითარებით, გეგმავს საქმიანობის გაფართოებას, აქვს პერსპექტიული, მათ შორის, თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაფინანსების პროექტები, თუ ეს პროექტები განხორციელდება, მაშინ ამ ბანკის მიმართ როგორც პოლიტიკოსების, ისე საზოგადოების სიმპათია და ნდობა გაიზრდება“.
საუბარში რომან გოცირიძე ყურადღებას ამახვილებს რუსეთში დასაქმებული ჩვენი თანამემამულეების მიერ გადმორიცხულ თანხებსაც, რომელთა ოდენობაზეც რუსულ მედიაში სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება ხოლმე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, სწრაფი საბანკო გზავნილების გზით რუსეთიდან საქართველოში წელიწადში, დაახლოებით, 90 მლნ აშშ დოლარი შემოდის, თუმცა არსებობს ფულის გამოგზავნის სხვა არხებიც. ამდენად, არაოფიციალური მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში, საშუალოდ, 200 მლნ აშშ დოლარი შემოდის, თითქმის ამდენივე გადმოირიცხება სხვა ქვეყნებიდანაც. „ეს ნიშნავს იმას, რომ ამ თანხაზე, როგორც მინიმუმ, 5-ჯერ მეტ ოდენობას, ანუ, დაახლოებით, მილიარდ დოლარს საქართველოს მოქალაქეები რუსეთში ხარჯავენ. თუ ამ მილიარდს ხელფასის სახით განვიხილავთ, ამით შექმნილი დამატებული ღირებულება რამდენადმე მეტი იქნება. მედალს ორი მხარე აქვს – საქართველოში ირიცხება ფული, რომელიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის საარსებო წყაროა, მაგრამ, იმავდროულად, ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე უდიდეს სიმდიდრეს ქმნიან. ყველა ქვეყანა, მათ შორის, პირველ რიგში, აშშ, ყველანაირად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი „გონებრივი რესურსი და კვალიფიციური მუშახელი მიიზიდოს. ასე რომ, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომ რუსეთში დასაქმებული ყველა ქართველი ქვეყნიდან უნდა იქნეს გაძევებული, მე არასერიოზულად მიმაჩნია“, – განუცხადა „ნოვიე იზვესტიას“ კორესპონდენტს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.