მაღალი დაცვის პოლიგრაფიული მანქანების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია KBA GIORI-ის რეგიონული დირექტორი სერგეი პივენი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძისთვის გამოგზავნილ წერილში ფულის ნიშნების დიზაინზე მომუშავე ქართველი სპეციალისტების მომზადების სურვილს გამოთქვამს.
რომან გოცირიძის შეხვედრა კომპანიის რეგიონულ დირექტორთან ერთი კვირის წინ გაიმართა. სერგეი პივენმა ეროვნულ ბანკს ფულის ნიშნების დიზაინერებისათვის სპეციალური ტრენინგის უსასყიდლოდ ჩატარება შესთავაზა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისადმი გამოგზავნილ წერილში სერგეი პივენი აღნიშნავს, რომ ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველ კვირაში კომპანიის წარმომადგენელები თბილისს ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში მათ დაგეგმილი აქვთ კომპანიის საქმიანობის პრეზენტაცია და საქართველოს ეროვნულ ბანკთან შემდგომი თანამშრომლობის გეგმების დასახვა. მათ შორის, გათვალისწინებულია ტრენინგ-სემინარის ჩატარება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ფულადი ნიშნების დიზაინზე მომუშავე და ამ სფეროთი დაინტერესებულ ქართველ სპეციალისტებს.
მაღალი დაცვის პოლიგრაფიული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია KBA GIORI-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულება მომხმარებლისთვის ფულის ნიშნების დამზადების სერვისის სრული პაკეტის შეთავაზებაა. კომპანიის 1500-ზე მეტი პოლიგრაფიული მანქანა მსოფლიოს 175 ქვეყნის ფულად ნიშნებს ბეჭდავს.