Available only in Georgian

Available only in Georgian

01 July, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულების (KFW) ევროპის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტს საფინანსო საკითხებში კლაუს გლაუდითს შეხვდა.   საუბარი შეეხო გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულების საქმიანობას საქართველოში და ქართულ საბანკო სისტემასთან თანამშრომლობის პერსპექტივებს.   „ჩვენი დაწესებულების ექსპერტები საქართველოს ეროვნულ ბანკს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის კანონპროექტის შემუშავებაში ეხმარებიან. დაგეგმილია დეპოზიტების დაზღვევის ფონდის KFW-ის მიერ 3,5 მლნ ევროს მოცულობის საწყისი კაპიტალით დაფინანსება.  ამ სისტემის ჩამოყალიბების შემთხვევაში ქართული საფინანსო ბაზარი გაცილებით დაცული გახდება“, აღნიშნა შეხვედრაზე კლაუს გლაუდითმა.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.    შეხვედრაზე კლაუს გლაუდითმა რომან გოცირიძეს ახალი ინიციატივები გააცნო. კერძოდ, KFW-ს დაგეგმილი აქვს სოციალური ტიპის პროექტების განხორციელება. მაგალითად, კერძო საპენსიო ფონდის შექმნისა და ბინათმშენებლობის სექტორის დაფინანსებაში მონაწილეობის მიღება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული პროექტების რეალიზაცია ხელს შეუწყობს საფინანსო ბაზრის გაძლიერებას.   საქართველოში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულებას ინვესტიციები განხორციელებული აქვს კერძო და საფინანსო სექტორში, მაგალითად, არის სს „პროკრედიტბანკის“ აქციონერი. გარდა ამისა, თანამშრომლობს სს „საქართველოს ბანკსა“ და სს „თიბისი ბანკთან“. აფინანსებს სათბობენერგეტიკულ, სოციალურ, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის პროექტებს.