Available only in Georgian

Available only in Georgian

13 July, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური პოლიცია საქართველოში მოქმედი ვალუტის გადამცვლელი არალიცენზირებული პუნქტების გამოვლენას ერთობლივად განახორციელებენ. ვალუტის გადამცვლელი არალიცენზირებული პუნქტების საქმიანობა ხელს უწყობს ყალბი ვალუტის გავრცელებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას. გარდა ამისა, არალიცენზირებული პუნქტები თავიანთ შემოსავლებს მალავენ და არ იხდიან საბიუჯეტო და სხვა სახის გადასახადებს.   ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მეშვეობით უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების ოდენობა თვეში ათეულობით მილიონ დოლარს აჭარბებს. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევითი არ არის, რომ, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, მონიტორინგის განმახორციელებელი სუბიექტების ჩამონათვალში არის ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიც, რომელთა საქმიანობაზე კონტროლი საქართველოს ეროვნულ ბანკს ევალება. ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სისტემატურად შედის ინფორმაცია ლიცენზირებული პუნქტების საქმიანობის შესახებ, რის შემდგომაც ხორციელდება მისი ანალიზი. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირებას FATF-ის (ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა ჯგუფი) რეკომენდაციებიც ითვალისწინებს.    სავალუტო ბაზარზე გაურკვევლობა შექმნა კანონპროექტმა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“. აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დროს მოსაზრებაც კი გამოითქვა, რამდენად აუცილებელი იყო უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების ლიცენზირება. თუმცა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის ერთ-ერთ ფუნქციას სწორედ კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის ზედამხედველობა წარმოადგენს მათი ლიცენზირების, რეგულირებისა და შემოწმების მეშვეობით. აღნიშნული შესაბამისობაშია საბანკო საქმიანობის შესახებ ევროდირექტივასთან, მსოფლიოს წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნებისა და „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ მიერ დადგენილ „ზედამხედველობის ძირითად პრინციპებთან“. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ზემოაღნიშნულ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონზე მაღლა დგას.   ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის სპეციფიკურობა განპირობებულია იმით, რომ ისინი რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებთან აწარმოებენ ნაღდი ვალუტის გაცვლით ოპერაციებს, რაც სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მუშაობის  შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. ამასთანავე, აღნიშნული სეგმენტის ფუნქციონირება კანონის ფარგლებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მდგრადობაზეც ახდენს გავლენას.   საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის ლიცენზიების გადამოწმებას და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაციას ფინანსურ პოლიციას გადასცემს. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ბრალეულ ქმედებათა რიგს განეკუთვნება და, შესაბამისად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.