საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გასვლითი სხდომა, რომლის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან ეროვნული ბანკის რეგიონული ფილიალების ხელმძღვანელები, 19 აგვისტოს ქალაქ ბათუმში გაიმართება. სხდომაზე გათვალისწინებულია საქართველოს ეროვნული ბანკის განვითარების სტრატეგიის განხილვა.
„ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი აქტიური საფინანსო ცენტრი ხდება. მიმაჩნია, რომ საბანკო ცხოვრება თბილისის ფარგლებს უნდა გასცდეს. რეგიონში საბანკო სისტემის განვითარება კი საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, ეროვნული ბანკის რეგიონული ფილიალების დიდი ნაწილი (ზუგდიდი, ფოთი, ქუთაისი, ბათუმი) დასავლეთ საქართველოშია განლაგებული. „ამდენად, ბანკის საბჭოს სხდომის ბათუმში ჩატარება რეგიონულ საკითხებზე აქცენტის გადატანის სიმბოლური მაჩვენებელია“, – დასძინა რომან გოცირიძემ.
ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის რეგიონული ქსელი მოიცავს ბათუმის, სოხუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ახალციხის, გორისა და გურჯაანის ფილიალებს.