საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში რობერტ კრისტიანსენი საქართველოს ეროვნული ბანკის ბათუმის, ფოთის, ქუთაისისა და გორის ფილიალებს ესტუმრა. საქართველოს ეროვნული ბანკის ფილიალების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონებში კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მასშტაბებსა და საბანკო მომსახურების სრულყოფის მიმართულებებს.
რობერტ კრისტიანსენმა ფისკალურ და ფულად-საკრედიტო სფეროში რეგიონულ დონეზე მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ეკონომიკის ინფრასტრუქტურის სრულყოფილი განვითარებისათვის რეგიონებში გაცემული სესხების რაოდენობა არასაკმარიასია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, სასურველია, მომავალში იაფფასიანი საკრედიტო რესურსებით სხვადასხვა სექტორების დაკრედიტების მოცულობა გაიზარდოს.
,,საქართველოს რეგიონები ეკონომიკური მდგომარეობით ერთმანეთისაგან განსხვავდება. მაგალითად, ბათუმში ბიზნესი გაცილებით აქტიურად ვითარდება, ვიდრე გორში. ამას ობიექტური მიზეზი აქვს: გორთან ახლოს მდებარეობს კონფლიქტის ზონა, სადაც ეკონომიკური აქტივობა დაბალია‘‘, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში. რობერტ კრისტიანსენმა მიუთითა, რომ მომავალში კომერციულმა ბანკებმა უნდა გააფართოონ თავიანთი მომსახურების არეალი და შესაძლებლობები.