Available only in Georgian

Available only in Georgian

23 August, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მიიღო ყაზახური ბანკის „ტურან ალემის“ დელეგაცია, რომელიც საქართველოს ეწვია ყაზახური ბანკის წარმომადგენლობის გახსნის საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.   ყაზახური ბანკის „ტურან ალემის“ დაინტერესება – დაიკავოს საქართველოს საბანკო ბაზარზე საკუთარი ნიშა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა. რომან გოცირიძემ სტუმრებს საქართველოს რეგიონის ეკონომიკური თავისებურებები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველო მეტად პერსპექტიული ქვეყანაა რეგიონის მასშტაბით, რაც იმის საფუძველია, რომ მომავალში ყაზახური ბანკის ინტერესებს დააკმაყოფილებს. „საქართველოში დღემდე შემოსული უცხოური ბანკების ინტერესთა სფეროში რეგიონული საბანკო სტრატეგია ნაკლებად არის გამოკვეთილი. ყაზახური ბანკისათვისათვის ამ ნიშის ათვისება ფინანსური თვალსაზრისით საინტერესო უნდა იყოს,“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.   ყაზახური ბანკის „ტურან ალემის“ დელეგაციას ბანკის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერვინ ტატიშჩევი ხელმძღვანელობდა. სტუმრებმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს წარუდგინეს საკუთარი საფინანსო ანგარიში და „ტურან ალემის“ სტრატეგიული მიმართულებები ყაზახეთსა და დსთ-ის სივრცეში. „ტურან ალემს“ წარმომადგენლობები აქვს რუსეთში (მოსკოვსა და ეკატერინგბურგში), უკრაინაში, ჩინეთში, ბელარუსში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. „ტურან ალემს“ წარმომადგენლობის გახსნა საქართველოშიც აქვს გადაწყვეტილი. ყაზახური ბანკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცენტრებში წარმომადგენლობების, შვილობილი ბანკებისა და ფილიალების დაფუძნების გზით შეღწევაა. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ყახაზური ბანკი მზადაა, ქართულ კომერციულ ბანკებს მსხვილი პროექტების თანადაფინანსება შესთავაზოს. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ხელს შეუწყობს ყაზახური ბანკის საქმიანობას საქართველოს საბანკო კანონმდებლობის ფარგლებში.   ყაზახური ბანკი „ტურან ალემი“ 1925 წელს დაფუძნებული ყაზახეთის „მრეწვმშენბანკის“ („ტურანბანკის“) სამართალმემკვიდრეა. 1997 წელს „ტურან ალემი“ ჩამოყალიბდა „ტურან ბანკისა“ და „ალემ ბანკის“ (ყოფილი ყაზახეთის „ვნეშეკონომბანკი“) გაერთიანების შედეგად. 2005 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, ბანკის აქტივებმა 5,5 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდისათვის „ტურან ალემის“ კაპიტალი, დაახლოებით, 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. ბანკის აქციონერებს შორისაა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები – EBRD (ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკი), RZB („რაიფაიზენბანკი“) და IFC (საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია).