Available only in Georgian

Available only in Georgian

12 October, 2005
2005 წლის ცხრა თვის მანძილზე თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე თანხების ბრუნვის მოცულობამ 190,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის საშუალო სიდიდე 1,8189 ლარს გაუტოლდა.   საანალიზო პერიოდში თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის სავაჭრო სესიებზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 63,13 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო 38,19 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.   საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის განცხადებით, „2005 წლის ცხრა თვის განმავლობაში ეროვნული ბანკის ორმხრივი ინტერვენციები ლარის გაცვლითი კურსის რყევების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული, ხოლო ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა საბაზრო კურსწარმოქმნის ფუნქციას ტრადიციულად ასრულებდა“.   მიმდინარე წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ლარის აშშ დოლარის მიმართ ნომინალური გაცვლითი კურსი, თვის საშუალო მონაცემებით, 0,4%-ით, ხოლო თვის ბოლო დღის მონაცემებით, 0,1 პროცენტით გამყარდა. მისი კიდევ უფრო მეტად გამყარება შეაჩერა თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა ინტერვენციებმა, რომელთა წმინდა ოდენობამ აშშ დოლარის შესყიდვის მიმართულებით სექტემბერში 9,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული პარამეტრი ეროვნული ბანკის მიერ 17,4 მლნ აშშ დოლარის შესყიდვისა და 7,6 მლნ დალარის გაყიდვის შედეგს წარმოადგენდა. ეს გამოწვეული იყო ლარის ზედმეტად გამყარებისა და, შესაბამისად, ექსპორტის შეფერხების თავიდან ასაცილებლად.   საანალიზო პერიოდში, დავით ამაღლობელის შეფასებით, „გაცვლით კურსზე ზეგავლენა სამ ძირითად ფაქტორს შეეძლო მოეხდინა: პირველი, სექტემბერში, ივლის-აგვისტოსთან შედარებით, ეროვნულ ვალუტაში ფულის მასის ზრდის ტემპი 2-ჯერ ნაკლები იყო და ლარზე მოთხოვნას გაცვლით კურსზე უნდა ემოქმედა; მეორე, ნავთობპროდუქტებზე გაზრდილ მსოფლიო ფასებს ქვეყნის სავაჭრო ბალანსის (ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსების შეფარდება) გაუარესება შეეძლო, რასაც ლარზე მოთხოვნის საპირისპიროდ გაცვლითი კურსის გაუფასურება უნდა გამოეწვია; მესამე, ზოგიერთი ობიექტის პრივატიზებით მიღებული შემოსავლების გამო, გაცვლით კურსზე გამყარების მიმართულებით შესაძლებელია ზეწოლაც ყოფილიყო.   ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკისათვის ფულის რაციონალურად მიწოდების უზრუნველყოფა, ასევე გაცვლითი კურსის რყევების თავიდან აცილება. რადგანაც ფულის მასის ზრდა, ეროვნული ბანკის პროგრამულ მაჩვენებელთან შედარებით, მაღალი არ ყოფილა, შესაბამისად, ფულის მასის სტერილიზაციის საჭიროებაც არ დამდგარა“.