რუსულ კომერციულ ბანკს „მაკპრომბანკს“ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საბანკო საქმიანობის ლიცენზია ჩამოართვა. ამ გადაწყვეტილების ოფიციალურ მოტივაციათა შორის არის აღნიშნული კომერციული ბანკის მიერ დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების „გათეთრებისა“ და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ რუსეთის ფედერალური კანონმდებლობის დარღვევა. რუსეთის ცენტრალური ბანკის ნაბიჯს წინ უძღოდა საქართველოს ეროვნული ბანკიდან შეტყობინება, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „ქართული ბანკისათვის“ ანალოგიური მიზეზით ლიცენზიის ჩამორთმევას. აღნიშნულ კომერციულ ბანკს, ფულის გათეთრების მიზნით, საკორესპონდენტო ანგარიშები სწორედ „მაკპრომბანკში“ ჰქონდა გახსნილი. „მაკპრომბანკისათვის“ ლიცენზიის გამოთხოვის თაობაზე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკს ახლახან ოფიციალურად შეატყობინა.
ლიკვიდაციაში მყოფ ქართულ და რუსულ ბანკებს საერთო დამფუძნებლები ჰყავდათ. მათი სურვილი იყო, ფულის გათეთრების არხები ბალტიის ქვეყნებიდან საქართველოში გადმოეტანათ. მათი ეს მიზნები საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ ფინანსური მონიტორინგის სამსახურში დროულად გამოვლინდა და აღიკვეთა. „ქართულ ბანკს“ ლიცენზია ჩამოერთვა, მისი პარტნიორი რუსული „მაკპრომბანკის“ თაობაზე კი შეტყობინება რეაგირებისათვის რუსეთის ცენტრალურ ბანკს გადაეგზავნა. ამის შემდეგ რუსულმა ბანკმა ფუნქციონირება შეწყვიტა, რადგან მისი საქმიანობა უშუალოდ ფულის გათეთრებისაკენ იყო მიმართული.
„ჩვენ შევძელით, აღგვეკვეთა რუსული კომერციული ბანკის კანონსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოში. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ლიცენზიის ჩამორთმევისას, ადგილობრივი კანონების დარღვევასთან ერთად, ეს მოტივიც გაითვალისწინა. ამასთან, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს აფხაზეთში რუსეთის კომერციული ბანკების გარკვეული ნაწილის უკანონო საქმიანობის საფრთხეზე. რამდენადაც აფხაზეთში არ ხორციელდება ფინანსური მონიტორინგი, განსხვავებით საქართველოსა ან თვით რუსეთისაგან, შესაბამისად, ნოყიერი ნიადაგი იქმნება რუსეთის წვრილი ბანკების მიერ უკანონო საქმიანობის დაუსჯელად წარმართვისათვის. ჩვენ რუსეთის კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობის მომხრეები ვართ, მაგრამ იმ რუსული ბანკების მიმართ, რომლებიც აფხაზეთში საქმიანობენ და ამით მონაწილეობენ ფულის გათეთრების პროცესში, უმკაცრეს სანქციებს გამოვიყენებთ“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.
მიმდინარე წლის აპრილის თვიდან აშშ-ში, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით, რუსული საბანკო დაწესებულებების საკორესპონდენტო ანგარიშების აქტიურად დახურვა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, 300-მდე რუსული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიში დაიხურა. რუსული ბანკების ერთი ნაწილი, რომელსაც აშშ-ის მსხვილმა საბანკო ინსტიტუტებმა საკორესპონდენტო ანგარიშები დაუხურა, აქტიურად თანამშრომლობდა აფხაზეთში მოქმედ საბანკო დაწესებულებებთან.