2006 წლის იანვარში კვლავ გრძელდება გასულ წელს არსებული საბანკო სექტორის ზრდის ტენდენცია. აღნიშნული ფაქტი ეკონომიკურ აქტივობაში საფინანსო შუამავლობის როლის შემდგომ ამაღლებაზე მიუთითებს.
2006 წლის იანვარში მთლიანი დეპოზიტები 80,3 მლნ ლარით (ანუ 6,8%-ით) გაფართოვდა და 1255,2 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტები გაიზარდა 34,5 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები გაიზარდა 45,8 მლნ ლარით. ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტების ზრდა თანაბრადაა გამოწვეული ფიზიკური და იურდიული პირების დეპოზიტების ზრდით.
იანვარში დეპოზიტების ზრდის წლიურმა ტემპმა 47% შეადგინა, რაც აღემატება 2005 წლის საშუალო მაჩვენებელს (35%) .
საანგარიშო პერიოდში, სავალუტო და ლარებში არსებული დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 2006 წლის იანვარში 0,9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 70,7% -ს გაუტოლდა.
2006 წლის იანვარში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 33,7 მლნ ლარით გაიზარდა და 1770 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები გაიზარდა 4,6 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხები 29,2 მლნ ლარით.
აღნიშნული ზრდა იანვარში 85% იყო, რაც ასევე აღემატება 2005 წლის საშუალო მაჩვენებელს (56%). მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემულმა ვადიანმა სესხებმა 186,2%-ით, ანუ 267,7 მლნ ლარით მოიმატა და 411,5 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხებმა 67%-ით მოიმატა და 1 359,3 მილიონი ლარი შეადგინა.