საქართველოს მსგავსად, საერთაშორისო რეზონანსი მისცეს უკონტროლო ტერიტორიებზე რუსული კომერციული ბანკების უკანონო საქმიანობას, მოლდოვაც აპირებს. რუსული გამოცემა „ნოვიე იზვესტია“ (Новые Известия) აქვეყნებს მოლდოვას პრეზიდენტის, ვლადიმერ ვორონინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც დნესტრისპირეთში ყოველწლიურად დაახლოებით ორი მილიარდი დოლარის ოდენობით „შავი ფული“ თეთრდება.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აფხაზეთში რუსული კომერციული ბანკების უკანონო საქმიანობის საკითხი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა ჯგუფის (FATF) წინაშე დააყენა, ამ საკითხს რუსული საბანკო წრეები გამოეხმაურნენ.
რუსულმა მედია-საშუალებებმა ამ თემაზე მომზადებულ პუბლიკაციებში დაადასტურეს საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციის სისწორე. მაგალითად, რუსული გამოცემის „ვზგლიადის“ (Взгляд) კორესპონდენტთან საუბარში „ბანკ მოსკვის“ (Банк Москвы) სოჭის ფილიალის თანამშრომელმა აღნიშნა, რომ ხსენებულ ბანკს საკორესპონდენტო ურთიერთობა ათ აფხაზურ ბანკთან აქვს. მათ შორის, სოხუმში განლაგებულ „გარანტ-ბანკსა“ და ე. წ. „აფხაზეთის შემნახველ ბანკთან“.
იგივე გაზეთი ბეჭდავს კიდევ ერთი მსხვილი რუსული ბანკის „ალფა-ბანკის“ წარმომადგენლის მაქსიმ ტოპერის კომენტარს, რომელიც უარყოფს „ალფა-ბანკის“ საქმიანობას აფხაზეთის ე.წ. ბანკებთან. თუმცა ამავე ბანკის მთავარი ეკონომისტი ნატალია ორლოვა აღნიშნავს, რომ აფხაზეთში რუსეთის კომერციული ბანკების საქმიანობამ რუსეთს შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას და ეს საკითხი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანობისას ამოიწიოს.