Available only in Georgian

Available only in Georgian

27 February, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში საფინანსო სისტემის შეფასების პროგრამის მისიის წევრებმა შვედეთის ცენტრალური ბანკის მმართველის მრჩეველმა გორან ლინდმა და მალი ჩივაკულმა წაიკითხეს მოხსენებები თემებზე – „საფინანსო სტაბილურობის საკითხები“ და „სტრესტესტირების მეთოდები“. სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, კომერციული ბანკების წარმომადგენლები.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, „საქართველოს ეროვნულ ბანკში სემინარების გამართვა ტრადიციად გადაიქცა, რაც საბანკო სისტემაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ეროვნულ ბანკში სემინარები გამართეს პოლონეთის ეროვნული ბანკის ექსპერტებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა, საფინანსო სისტემის შეფასების პროგრამის მისიის ხელმძღვანელმა. ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდება“.   პრეზენტაციაზე საფინანსო სისტემის შეფასების პროგრამის მისიის წევრმა გორან ლინდმა ისაუბრა ცენტრალური ბანკის მიერ საფინანსო სტაბილურობის ანალიზის შემუშავების საჭიროებაზე. მისი თქმით, შვედეთის ცენტრალურ ბანკი საფინანსო სისტემის სტაბილურობის ანალიზს ოთხი მიმართულებით ახორციელებს: კერძოდ,  ხდება მაკროეკონომიკური განვითარებისა და ბაზრების, ბანკების მსესხებლების, საბანკო ჯგუფების საქმიანობისა და საფინანსო ინფრასტრუქტურის შესწავლა-ანალიზი.   პრეზენტაციაზე  საფინანსო სისტემის შეფასების პროგრამის მისიის წევრებმა საფინანსო სტაბილურობის შესანარჩუნებლად გარკევული პრევენციული ზომების მიღების საჭიროებაზეც ისაუბრეს. კერძოდ, მალი ჩივაკულიმ სტრესტესტირების მეთოდები მიმოიხილა, რომელიც საბანკო სისტემაში მოსალოდნელი რისკების წინასწარ შეფასებას გულისხმობს. ითქვა, რომ ცენტრალურმა ბანკმა მოსალოდნელი რისკები მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, საფინანსო სისტემის წევრ სხვა სტრუქტურებთან და მთავრობასთან კოორდინირებული საქმიანობით უნდა მართოს.   საფინანსო პროგრამის შეფასების მისია საქართველოში 14 თებერვალს ჩამოვიდა. მის შემადგენლობაში არიან საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. საფინანსო პროგრამის შეფასების მისია ჩამოსვლიდან ორი კვირის განმავლობაში შეისწავლის და განიხილავს საქართველოს საბანკო სექტორსა და საფინანსო სფეროში 2001 წლის შემდეგ მომხდარ ცვლილებებსა და პერსპექტივებს. საქმიანობის დასრულების შემდეგ მისია მთავრობას მის მიერ მომზადებულ დოკუმენტს 28 თებერვალს წარუდგენს.