Available only in Georgian

Available only in Georgian

09 March, 2006
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი „დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. ეროვნული ბანკის უფლება-მოვალეობა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება ორგანული კანონით“.   საქართველოს ეროვნული ბანკი არ არის საბიუჯეტო ორგანიზაცია. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, „ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია ეკონომიკურად და ყველა ხარჯს უზრუნველყოფს საკუთარი შემოსავლით“.   ორგანული კანონი ასევე ნათლად განსაზღვრავს, რომ ეროვნული ბანკის მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ორგანული კანონის თანახმად, „ეროვნული ბანკის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურების ოდენობა ორიენტირებულია საბანკო სისტემაში არსებული შრომის ანაზღაურების დონესთან“.    მიუხედავად ამისა, ამჟამად ეროვნული ბანკის მოსამსახურეთა ხელფასი მნიშვნელოვნად ჩამორჩება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების შესაბამისი რანგისა და კვალიფიკაციის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას, რის გამოც, ყოველწლიურად ადგილი აქვს ეროვნული ბანკიდან კადრების გადინებას.   აღნიშნულ საკითხს ყურადღება დაუთმეს საფინანსო სისტემის შეფასების პროგრამის მისიის წარმომადგენლებმა საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს. მისია თბილისში მიმდინარე წლის 14-28 თებერვალს იმყოფებოდა. საფინანსო სისტემის შეფასების პროგრამის მისიის შემადგენლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და განვითარებული ქვეყნების (დანია, შვეიცარია, შვედეთი) ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები იყვნენ. მათ რეკომენდაცია მისცეს საქართველოს ხელისუფლებას, რათა დაცული იყოს საქათველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონი, მათ შორის, ის მუხლი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა  შრომით ანაზღაურებას ეხება.   ავტორიტეტული საერთაშორისო მისიის წარმომადგენელთა რეკომენდაციით, აუცილებელია აღნიშნული კანონის მოთხოვნების შესრულება და საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების  თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დაახლოება.