ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების საშუალებით მსოფლიოს მასშტაბით შრომითი მიგრანტების მიერ სამშობლოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2005 წლის ბოლოსათვის დაახლოებით 230 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანობაში, მსოფლიოში 175 მლნ-ზე მეტი შრომითი მიგრანტია აღრიცხული.
„ზოგიერთ სახელმწიფოში ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის განმტკიცების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ფულადი გზავნილების მიმღებნი ხშირ შემთხვევაში მხოლოდ აღნიშნულ თანხებზე არიან დამოკიდებულნი. ეს საფინანსო რესურსები, ძირითადად, კვებასა და ყოველდღიური ხარჯების დაფინანსებისათვის იხარჯება. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ფულადი გზავნილები ინვესტირებისთვის და საკუთარი ბიზნესის დასაწყებადაც გამოიყენება,“ - ნათქვამია საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკისა და მსოფლიო ბანკის ექსპერტების გამოკვლევაში.
საქართველოშიც ანალოგიური ტენდენცია შეიმჩნევა. გადმორიცხული თანხების ნაწილი სამომხმარებლო ხარჯების დასაფინანსებლად წარიმართება. თანხის ნაწილის დაბანდება სხვადასხვა აქტივებში, მათ შორის უძრავ ქონებასა და საწარმოთა აქციებში ხორციელდება. 2006 წლის იანვრის განმავლობაში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების („უესტერნ იუნიონი“, „მანიგრამი“, „ანელიკი“, „კავკასუს ექსპრესი“ და სხვ.) საშუალებით 36 მლნ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის თანხა გადმოირიცხა, რაც 2005 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, დაახლოებით, 10,8 მლნ აშშ დოლარით აღემატება. რაც შეეხება ფულადი გზავნილების სტრუქტურას, 2006 წლის იანვარში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხების 62,3% რუსეთიდან გადმოირიცხა, შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები (13,4)% და საბერძნეთი (5,2%).
რაც შეეხება 2005 წელს, ამ პერიოდში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში, დაახლოებით, 403 მლნ აშშ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც 2004 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით145 მლნ აშშ დოლარით აღემატება. გასული წლის მანძილზე საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან 62,9% რუსეთიდან გადმოირიცხა, შემდეგ მოდიან ამერიკის შეერთებულ შტატები და საბერძნეთი. თუ 2000-2001 წლებში ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი მასის შემოსვლა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ხდებოდა, 2002 წლიდან დღემდე ჩარიცხული თანხებით რუსეთი ლიდერობს.