საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე საქართველოში მოქმედი იმ კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომელთა საზედამხედველო კაპიტალი 12 მილიონ ლარზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ბანკები აკმაყოფილებენ ეროვნული ბანკის დღეს არსებულ მოთხოვნას კაპიტალის მიმართ, რომან გოცირიძემ მათ ეროვნული ბანკის ინიციატივა გააცნო – კომერციულ ბანკებმა საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 12 მილიონ ლარამდე 2007 წლის პირველი ივლისისათვის უნდა გაზარდონ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია.
საზედამხედველო კაპიტალის მაჩვენებლის ზრდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით რეგულირდება. დღეს არსებული გრაფიკის მიხედვით, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 12 მილიონ ლარამდე მხოლოდ 2008 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაეზარდათ.
„ამ ნორმის გადახედვა და გრაფიკის შემჭიდროებულ ვადაში შესრულება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის მთავარია ის, რომ საქართველოს კომერციული ბანკების აბსოლუტურ უმრავლესობას ეს ნორმატივი უკვე შესრულებული აქვს“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ნორმატივის ცვლილება არ დააზარალებს საქართველოს საბანკო სისტემას, რადგან მისი შემადგენელი ბანკები საკმაოდ სტაბილურ ფინანსურ ინსტიტუტებად ჩამოყალიბდნენ. შესაბამისად, მათ არ გაუჭირდებათ საზედამხედველო კაპიტალის შესავსებად აუცილებელ ღონისძიებათა პაკეტის შემუშავება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნულ ინიციატივას საფუძვლად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც დაედო.