საქართველოს ეროვნული ბანკმა „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების“ ახალი პროექტი შეიმუშავა, რომელიც საბანკო სისტემაში ნაღდ ფულსა და ფასეულობებთან დაკავშირებულ ოპერაციებს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
ახალი პროექტის თანახმად, კომერციულ ბანკებს უფლება ეძლევათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ სალარო კვანძების ფართები და ობიექტის დაცვისა და უსაფრთხოების პირობები. ასევე აუცილებლობას აღარ წარმოადგენს სალაროს კვანძისა და ბანკომატის პასპორტიზაცია.
კომერციულ ბანკებს უფლება ეძლევათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ მატერიალურად პასუხიმგებელ პირთა თანამდებობები და მოვალეობები. გარდა ამისა, კომერციულ ბანკებს შეეძლებათ დამოუკიდებლად შეიმუშავონ დებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სალაროს ცალკეული ოპერაციების კონკრეტიზაციას.
„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების“ ახალი პროექტის თანახმად, კომერციულ ბანკებს ნაღდი ფულადი ოპერაციებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპებისა და დასალუქი საშუალებების დამოუკიდებლად, საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეუთანხმებლად დამზადების უფლება მიეცემათ.
ახალი წესების მიხედვით, დაიხვეწება ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკასაციის, საღამოს სალაროს მუშაობის, ფულის ნიშნების ფორმირება-შეფუთვის, ფასეულობის შენახვა-აღრიცხვისა და რევიზიის წესები, სალაროს საბუთების ფორმები.