Available only in Georgian

Available only in Georgian

24 April, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის მუშაობაში, რომლის დროსაც განიხილეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგრამების მიმდინარეობისა და განხორციელების საკითხები.   ფორუმის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საერთაშორისო მონეტარული და ფინანსური კომიტეტის სხდომა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ სავალუტო ფონდის მმართველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე. სხდომას დაესწრნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელი როდრიგო დე რატო და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი პოლ ვულფოვეცი.   შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: “მსოფლიოს ეკონომიკური და ფინანსური ბაზრები – ამჟამინდელი მდგომარეობა, რისკები და მათზე რეაგირება”; “საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი სტრატეგიის განვითარება”; “დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისათვის ვალის ჩამოწერა”.   ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, მოშინ ხანთან, სადაც განხილული იყო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და ფინანსური პროგრამის მიმდინარეობა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა საქართველოში „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის მიმდინარეობის ფარგლებში.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე შეხვდა სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის განყოფილების უფროსს, ჯონ ვეიკმან-ლინს. შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული დოკუმენტი “საქართველოში საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგია 2006-2009 წლებისათვის”. მისი პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში ცოტა ხნის წინ გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ქვეყანაში საბანკო სისტემის შემდგომ განვითარებას.   საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია 11 მაისს ჩამოვა და ადგილზე გაეცნობა „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის მიმდინარეობის საკითხებს.