შაბათს, 13 მაისს, 17 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბანკში 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამოს” გამარჯვების 25 წლის აღსანიშნავად მოჭრილი საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციის მსვლელობისას, თბილისის „დინამოს“ იმ შემადგენლობას დააჯილდოვებენ, რომლებმაც 1981 წელს აღნიშნულ ტურნირში გაიმარჯვეს. საიუბილეო მონეტების გარდა, ისინი სპორტსაზოგადოება „დინამოს“ ხელმძღვანელობისაგან ფულად ჯილდოებსაც მიიღებენ.
1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამოს“ გამარჯვების 25 წლის აღსანიშნავად მოჭრილი საიუბილეო მონეტა, საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით, პოლონეთის ზარაფხანაში დამზადდა. ამასთან, პოლონეთის ზარაფხანამ უკვე გააკეთა შეკვეთა ვერცხლის 5 ათასი ცალი მონეტის შესყიდვაზე ევროპის ბაზარზე გასატანად.
საქართველოს ეროვნული ბანკი, მსოფლიო ნუმიზმატურ ბაზარზე გასვლის მიზნით, საინვესტიციო, საიუბილეო და სამახსოვრო მონეტების დამზადებისა და მათი რეალიზების ახალი კონცეფციის განხორციელებას იწყებს. ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამოს“ გამარჯვების 25 წლის აღსანიშნავად საიუბილეო მონეტის გარდა, იგეგმება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამახსოვრო მონეტის გამოშვებაც. ივნისშივე საქართველოს ეროვნული ბანკი „ოქროს საწმისის“ გამოსახულებით პირველი საინვესტიციო ოქროს მონეტის გამოშვებას გეგმავს, რითაც ქვეყნის პოპულარიზაციისათვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს.
საკოლექციო დანიშნულების მონეტების ემისიის მიზანს, ქვეყნის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის პროპაგანდა წარმოადგენს. ამასთან, ამ საქმიანობას
კომერციული მოგებაც მოაქვს. მაგ., რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებულმა პრობლემამ დღის წესრიგში დააყენა ქართული სასმელების მსოფლიო ბაზარზე პოპულარიზაციის საკითხი, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია უძველესი ქართული ვაზის ჯიშების ამსახველი მონეტების სერიულ გამოშვებას და მის მსოფლიო ბაზარზე რეალიზაციას. მნიშვნელოვანია, მოჭრილი მონეტის დიზაინი და თემა ზუსტად ასახავდეს ქვეყნის ინტერესს, იყოს რაც შეიძლება მიმზიდველი და ხელმისაწვდომი როგორც საჩუქრად, ისე საინვესტიციოდ.
მონეტის რეალიზაცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 15 მაისიდან დაიწყება. მისი ყიდვა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და ბანკის რეგიონულ ფილიალებში – ახალციხეში, ბათუმში, გორში, გურჯაანში, ფოთსა და ქუთაისში.
ავერსი: მონეტის ცენტრში თასების თასის გრაფიკული გამოსახულებაა, მის ზემოთ ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) წარწერა „საქართველო“ და „GEORGIA“ არის დატანილი. თასის გარშემო, მონეტის კიდესთან, დეკორატიული ნახევრადრკალისებრი ფორმის ორნამენტია, წაწვეტებული ბოლოებით. მონეტის მარჯვენა ქვედა მხარეს აღნიშნულია გამარჯვების წელი „1981“ და წარწერა „წელი“, ხოლო მარცხენა ქვედა მხარეს – წარწერა „ლარი“, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „2“ და ინგლისურენოვანი წარწერა „LARI“. მონეტის ქვედა კიდეში მითითებულია გამოშვების წელი „2006“. ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „2“ და ასევე გამარჯვების თარიღის „1981“-ის პირველი ციფრი „1“ შედარებით დიდი ზომისაა და მატჩის ანგარიშს – ორით ერთს (2:1) აღნიშნავს.
რევერსი: მონეტის მარცხნივ და მარჯვნივ ორი ფეხბურთელის ფიგურაა მოძრაობაში. ქვედა მხარეს, ფიგურებს შორის, ბურთის გამოსახულებაა, ხოლო მის ქვემოთ – საიუბილეო თარიღის აღმნიშვნელი რიცხვი „25“ და ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) წარწერა „წელი“ და „YEARS“. მონეტის თითქმის მთელ სიბრტყეს ფარავს თასის დეკორატიული გამოსახულება, რომლის ზედაპირზე ორენოვანი წარწერა იკვეთება – „დინამო თბილისი ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი“ და „DINAMO TBILISI UEFA CUP WINNERS’ CUP WINNER“. ასევე, ნახევრადრკალისებრი დეკორატიული ორნამენტი ყოფს მონეტის ზედაპირს ორ ნაწილად და ფონს უქმნის დეკორსა და ფეხბურთელების გამოსახულებებს. მონეტის წიბოზე მოთავსებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე წარწერა: „საქართველოს ეროვნული ბანკი“ და შვიდქიმიანი ვარსკვლავი.
მონეტის ესკიზის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკის დიზაინერი ვიქტორია ქუთათელაძე.