საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ჯონ ვეიკმან-ლინი ხელმძღვანელობს.
რომან გოცირიძისა და ჯონ ვეიკმან-ლინის შეხვედრაზე საუბარი შეეხო „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ (PRGF) პროგრამის მიმდინარე საკითხებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა PRGF-ის პროგრამით გათვალისწინებული ყველა პარამეტრი შეასრულა. ამასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შენიშვნა არ გააჩნიათ.
გარდა პროგრამით გათვალისწინებული საკითხებისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია შეისწავლის საქართველოში წარმოებული ღვინისა და მინერალურ წყლების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რეალიზაციის აკრძალვის საკითხს. საქართველოს ეროვნული ბანკის გათვლებით, აღნიშნულ ქართულ პროდუქციაზე რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ბლოკადა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას შეაფერხებს მაქსიმუმ 1 პროცენტით, ხოლო მინიმუმ 0.5 პროცენტით. თუმცა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შეჩერების ნეგატიური ფაქტორების აღმოფხვრა შესაძლებელია მოხდეს როგორც მონეტარული ინსტრუმენტების ამოქმედებით, ისე ახალი ბაზრების მოძიებით.
საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ ღვინისა და მინერალური წყლების ბიზნესის დასაფინანსებლად გაცემულია დაახლოებით 70 მლნ აშშ დოლარის მოცულობის კრედიტები, რაც საკრედიტო პორტფელის მთლიანი მოცულობის 3,7 პროცენტს შეადგენს. ამდენად, საქართველოში წარმოებული ღვინისა და მინერალურ წყლების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რეალიზაციის აკრძალვა საბანკო სისტემაზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს“.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეხვედრები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან, კერძო სექტორისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მორიგი სამუშაო ვიზიტის მიზანია „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის მეოთხე შუალედური მიმოხილვის დოკუმენტის მოსამზადებლად საქართველოში მიმდინარე მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შესწავლა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ PRGF-ის პროგრამის მეოთხე შუალედური მიმოხილვის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსათვის არის დაგეგმილი. საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ პროგრამით გათვალისიწინებული პარამეტრების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო მეხუთე ტრანშის, დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის გამოყოფის საკითხს განიხილავს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის სამუშაო ვიზიტი საქართველოში 12 მაისს დაიწყო და 19 მაისამდე გასტანს.