Available only in Georgian

Available only in Georgian

18 May, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე 21-22 მაისს ლონდონში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას. ევრობანკის წლიურ შეკრებასა და ბიზნეს-ფორუმს სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო დელეგაციებისა და წამყვანი საერთაშორისო კომპანიების რამდენიმე ათასი წარმომადგენელი დაესწრება.   შეკრებაზე განიხილავენ ქვეყნებში ევრობანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობასა და დაკრედიტების სამომავლო პერსპექტივებს. ბიზნეს-ფორუმზე მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და დასახავენ შემდგომი თანამშრომლობის გეგმებს.   2006 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 50 პროექტის დასაფინანსებლად 323.4 მლნ ევროს მოცულობის საკრედიტო ხაზი გახსნა. აქედან, მიმდინარე საკრედიტო პორტფელის ოდენობა 201.8 მლნ ევროს შეადგენს. მათ შორის, საფინანსო ინსტიტუტებისათვის გახსნილია 54.4 მლნ ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზები, ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გამოყოფილია 110.6 მლნ ევროს, სატრანსპორტო სექტორისათვის 19.4 მლნ ევროს, ხოლო ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად 17.4 მლნ ევროს მოცულობის სესხები.    ვიზიტის ფარგლებში, რომან გოცირიძე ეწვევა ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანას, სადაც ამჟამად მზადდება ორი ლარის ნომინალის მონეტები, რომლებსაც მიმოქცევაში გასაშვებად საქართველოში 2006 წლის მეორე ნახევარში ჩამოიტანენ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიმდინარე სამუშაოებს გაეცნობა.   სამეფო ზარაფხანა, როგორც მთავრობის დეპარტამენტი, გაერთიანებულ სამეფოში წარმოადგენს მონეტების მოჭრაზე პასუხისმგებელ სტრუქტურას. მისი მომსახურებით სარგებლობს 100-ზე მეტი  ქვეყანა. ეს ციფრი ზარაფხანის საერთაშორისო იმიჯს უსვამს ხაზს, ხოლო ისტორია ათასზე მეტ წელს ითვლის და უკავშირდება ანგლო-საქსების მიერ ლონდონსა და სამხრეთ უელსში პირველი ზარაფხანის დაარსების პერიოდს.