საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიურ შეკრებაში, რომელიც ლონდონში გაიმართა. ამ შეკრებასა და ბიზნესფორუმს სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციებისა და წამყვანი საერთაშორისო კომპანიების რამდენიმე ათასი წარმომადგენელი დაესწრო.
დღესვე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე ეწვევა ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანას, სადაც ამჟამად მიმდინარეობს მიმოქცევისათვის განკუთვნილი ორი ლარის ნომინალის მონეტების დამზადება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გაეცნობა სამუშაოებს, საბოლოოდ შეათანხმებს მონეტის მოდელს, რომლის საფუძველზეც მოხდება აღნიშნული მონეტების გამოშვება. მათ საქართველოში 2006 წლის მეორე ნახევარში ჩამოიტანენ.
სამეფო ზარაფხანა, როგორც მთავრობის დეპარტამენტი, გაერთიანებული სამეფოში მონეტების მოჭრაზე პასუხისმგებელი სტრუქტურაა, რომლის მომსახურებით 100-ზე მეტი ქვეყანა სარგებლობს. ეს ფაქტი მსოფლიოში მის რეპუტაციაზე მეტყველებს. ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის ისტორია ათასზე მეტ წელს ითვლის და უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც ანგლო-საქსებმა ლონდონსა და სამხრეთ უელსში ზარაფხანა დააარსეს.