Available only in Georgian

Available only in Georgian

06 June, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალში ბანკის სპეციალისტების მიერ მომზადებული „რეგიონული ეკონომიკის მონიტორინგის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტზე მუშაობა პოლონეთის ეროვნული ბანკის გამოცდილების გათვალისწინებით მიმდინარეობდა.   ქუთაისში „რეგიონული ეკონომიკის მონიტორინგის“ პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლონეთის ელჩი საქართველოში იაცეკ მულტანოვსკი, მხარის ეკონომიკური და საფინანსო სტრუქტურების ხელმძღვანელები, ბიზნესმენები ესწრებოდნენ.   ეკონომიკურ მონიტორინგს რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს პოლონეთის, უკრაინისა და ევროპის სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების შესაბამისი სამსახურები. მისი მიზანია ამა თუ იმ ქალაქსა და რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის უშუალოდ ბიზნესსუბიექტების მონაწილეობით შეფასება და, აქედან გამომდინარე, ბიზნესის მოლოდინის შესწავლა.   პოლონეთის ელჩის იაცეკ მულტანოვსკის განცხადებით, ,,ანალოგიური პროექტი პოლონეთში წარმატებით ხორციელდება და საქართველოს ეროვნული ბანკის ძალისხმევა ამ მიმართულებით, საინვესტიციო კლიმატის შეფასებას და შესაბამისად ეკონომიკურ, ასევე, რეგიონის მდგომარეობის განვითარებას შეუწყობს ხელს“.   საქართველოს ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალის მიერ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით განხორციელებული „რეგიონული ეკონომიკის მონიტორინგის“ პირველი პროექტი ადგილზე არსებულ ფასებსა და ფასწარმოქმნის საკითხებზე, პარტნიორი ქვეყნების კონტრაქტორების მხრიდან დაწესებული სატარიფო თუ სხვა სახის ბარიერებზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. ამასთან, პროექტი იკვლევს რეგიონში საინვესტიციო გარემოს, დასაქმების დონესა და ა. შ.