Available only in Georgian

Available only in Georgian

08 June, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე გერმანიის უძველესი ზარაფხანის „მაიერს მინტის“ თავმჯდომარეს ბერნარდ მაიერსს და ზარაფხანის პრეზიდენტს ალექს ვაგნერს შეხვდა.   შეხვედრაზე „მაიერს მინტის“ წარმომადგენლებმა ზარაფხანის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მსოფლიო ნუმიზმატიკურ ბაზარზე ქართული სამახსოვრო და საიუბილეო მონეტების პოპულარიზებასა და რეალიზებაში თანამშრომლობა შესთავაზეს.   რომან გოცირიძის განცხადებით, „აღნიშნული ზარაფხანა ნუმიზმატიკურ ბაზარზე მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს, რის გამოც საქართველოს ეროვნული ბანკისათვის საინტერესოა მასთან ერთად საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის პერსპექტივის შესწავლა. ასევე მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიო ნუმიზმატიკოსთა საზოგადოების საქმიანობის გათვალისწინებით საიუბილეო მონეტებისთვის ეროვნული თუ ნეიტრალური თემების შერჩევისა და დიზაინის შემუშავების კუთხით შესაბამისი კონსულტაციების მიღება“.   „მაიერს მინტის“ წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მსოფლიო ნუმიზმატიკურ ბაზარზე გასვლის მიზნით შემუშავებული ახალი კონცეფციის რეალიზებაში, ქართული მონეტების რეკლამირებასა და საერთაშორისო გამოფენებზე გატანასთან დაკავშირებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.   „მაიერს მინტი“ კერძო გერმანული ზარაფხანაა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე 135 წელი მოღვაწეობს და ნუმიზმატიკოსთა წრეებში კარგი რეპუტაციით სარგებლობს. გამოირჩევა საიუბილეო, საემისიო მონეტების, აგრეთვე მედალიონების მოჭრის მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკით და დიზაინერთა კვალიფიკაციით. „მაიერს მინტი“ ახორციელებს მსხვილი კომპანიების, მაგალითად, BMW-ის, AUDI-ისა და სხვადასხვა საქველმოქმედო ასოციაციებისა თუ ცენტრალური ბანკების საიუბილეო პროგრამებს. მის მიერ დამზადებული სამახსოვრო მონეტების გარდა, ზარაფხანა ახდენს სხვა ზარაფხანებში მოჭრილი მონეტების რეალიზაციას და ავსტრიის, ავსტრალიის, კანადის, „მონე დო პარიზის“ (საფრანგეთი), ფინეთის, „პერთ მინტის“, ირლანდიის ცენტრალური ბანკის, ფინანსური მომსახურების სააგენტოების და სხვა ცნობილი მწარმოებლების ოფიციალურ დისტრიბუტორსაც წარმოადგენს. აღნიშნულ სადისტრიბუციო საქმიანობას „მაიერს მინტი“ მის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალურ ინუმიზმატიკური კომპანია Gold Quest International LTD.-ის მეშვეობით ახორციელებს.