Available only in Georgian

Available only in Georgian

12 June, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე 11 ივნისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) მმართველთა საბჭოს რიგით მერვე წლიურ სხდომაზე  მოხსენებით გამოვიდა.   რომან გოცირიძემ, რომელიც საქართველოს მხრიდან „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველია, ისაუბრა რეგიონული თანამშრომლობის საკითხზე და BSTDB-ის როლზე ამ პროცესების გაღრმავებაში. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკური ვითარება და „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგები.   დღეს რომან გოცირიძე მიწვეულია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების „ბიზნესდღეზე“, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გახსნის. ფორუმს დაესწრებიან „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისა“ და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები. დღის წესრიგის მიხედვით, გაიმართება დებატები საფინანსო სექტორის როლსა და მნიშვნელობაზე ეკონომიკის განვითარების პროცესში. ფორუმის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე.   „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) სტრუქტურაში ყველაზე მსხვილი აქციონერები არიან თურქეთი, რუსეთი და საბერძნეთი. თითოეული ფლობს აქციების 16.5%-ს, ბულგარეთი, რუმინეთი და უკრაინა ცალ-ცალკე – 13.5-13.5%-ს, ალბანეთი და აზერბაიჯანი – 2-2%-ს, საქართველო, სომხეთი და მოლდოვა კი თითოეული 1%-ის ოდენობის აქციებს განკარგავს. 2004 წელს საქართველოს წილი აღნიშნული ბანკის სააქციო კაპიტალში, დავალიანების გამო, 2%-დან 1%-მდე შემცირდა. „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“ „ბისეკის“ (შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია) წევრი სახელმწიფოებისთვის ფინანსური სიძნელეების შემსუბუქების მიზნით ჩამოყალიბდა. მისი შტაბბინა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მდებარეობს. ხელშეკრულებას ბანკის დაფუძნების შესახებ თბილისში, „ბისეკის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოეწერა ხელი 1994 წლის 30 ივნისს, ხოლო საქართველოს პარლამენტმა მისი რატიფიცირება მოახდინა 1996 წლის 25 დეკემბერს. „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა“ ჩამოყალიბების საორგანიზაციო და სამართლებრივი სტადიების გავლის შემდეგ, 1999 წლის პირველი ივნისიდან ფინანსური ოპერაციების წარმოება დაიწყო. აღნიშნულმა ბანკმა სს „საქართველოს ბანკს“, სს „თიბისი ბანკს“, სს „გაერთიანებულ ქართულ ბანკს“, სს „პროკრედიტბანკს“, სსკბ „რესპუბლიკას“ 32 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხაზები გაუხსნა. ამასთან, დააფინანსა ფოთის ნავთობტერმინალის რეკონსტრუქციის პროექტი, 8 მლნ აშშ დოლარის მოცულობით.