Available only in Georgian

Available only in Georgian

14 June, 2006
სანკტ-პეტერბურგში 13 ივნისს გამართულ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე, ვლადიმერ პუტინმა უარყო გავრცელებული ხმები რუსეთიდან საქართველოში ტრანზაქციების შესაძლო შეწყვეტის შესახებ. მან განაცხადა, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულის გადმორიცხვის შეჩერებაზე ბრძანება არ გაუცია. „ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაში დროებით მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 1.5-2 მილიარდ აშშ დოლარს რიცხავენ სამშობლოში“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.   ვლადიმერ პუტინის მიერ დასახელებული თანხა სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან გასული წლის განმავლობაში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების („ვესტერნ იუნიონი“, „მანიგრამი“, „ანელიკი“, „კავკასუს ექსპრესი“ და სხვ.) საშუალებით მხოლოდ 403 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციიდან 253  მლნ აშშ დოლარი.   ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემების გარდა, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები თანხებს ნაღდი ფულის სახითაც გზავნიან. ნაღდი ფული შემოდის ძირითადად იმ სახელმწიფოებიდან, რომლებთანაც საქართველოს საავტომობილო მიმოსვლა აქვს (თურქეთი, საბერძნეთი, ნაწილობრივ რუსეთი). ამდენად, რუსეთის ფედერაციიდან განხორციელებული ტრანსფერტები, ნაცვლად რუსულ წყაროებში მითითებული 1.5-2 მილიარდისა,  მთლიანობაში, დაახლოებით, 300 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.    მიმდინარე წლის აპრილში რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების შეზღუდვის შესახებ. მაშინ ცალკეული რუსი პოლიტიკოსების ამ მოწოდებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ არასერიოზული უწოდა. მისი განმარტებით, ელექტრონული ანგარიშსწორების ეპოქაში  ფულადი გზავნილების შეჩერება ტექნიკურად შეუძლებელია.