Available only in Georgian

Available only in Georgian

16 June, 2006
ქვეყანაში საბაზრო დისციპლინის განმტკიცებისა და საბანკო სექტორისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის წესი“ დაამტკიცა, რომლის თანახმად კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან, ფინანსური ანგარიშგებები ყოველკვარტალურად გამოაქვეყნონ.   ახალი წესის მიღებამდე, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, კომერციული ბანკები  წელიწადში ერთხელ აქვეყნებდნენ გარეაუდიტორულ დასკვნას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. ბანკების ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია, კომერციული ბანკებს წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების ბეჭდვით ორგანოში განთავსების პარალელურად მოეხდინათ ყოველკვარტალური ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნებაც.   „კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის წესი“ განსაზღვრავს კომერციული ბანკების მიერ ფინანსური ანგარიშგებების გამოქვენებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისათვის. აღნიშნული წესის თანახმად, ბანკის ფინანსური ანგარიშგებები ექვემდებარება როგორც ბეჭდვით ორგანოში, ასევე ბანკის საკუთარ ვებ-გვერდსა (თუ ბანკს აქვს) და ეროვნული ბანკის ვებ-გვერდებზე განთავსებას.   „კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის წესის“ ამოქმედება და მის საფუძველზე მიღწეული კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების საჯაროობა ხელს შეუწყობს თითოეული ბანკის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და ბანკის  ფინანსური მდგომარეობის შესახებ დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას, რაც მათ ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.